ჩახვიდე ევროზე და ექვსი თამაშიდან ექვსი მოიგო, ჩინებული შედეგია. ეს ხორვატიამ ჩეხების კარში საფინალო სირენამდე სამი წამით ადრე გატანილი გოლით შეძლო — 22:21. გადამწყვეტი სროლა მარცხენა ინსაიდმა ლუკა სტეპანჩიჩმა შეასრულა.
ხორვატთა გუნდში რამდენიმე წამყვანი ხელბურთელი ისვენებდა. მიზეზი: წინა ტურში გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ ბალკანელებს ნახევარფინალის საგზური გარანტირებული ჰქონდათ. ახლა ხორვატები, 8 ქულითა და ბურთების სხვაობით +14, მთავარი რაუნდის II ჯგუფში მეორე ადგილზე არიან. მათზე წინ, ასევე 8 ქულითა და ბურთების სხვაობით +26, მოქმედი ჩემპიონი ესპანეთია.
ესპანეთიც ნახევარფინალშია და მანაც ევრო 2020-ზე ექვსი თამაშიდან ექვსივე მოიგო. თავისი ნახევარფინალისტობისთვის ბეჭდის დასარტყმელად იბერიელებმა ბელარუსს სძლიეს 37:28. ესპანეთის ნაკრებში გმირი კვლავ მეკარე გონსალო პერეს დე ვარგასი გახლდათ, რომელმაც 15 სროლა მოიგერია და მიმდინარე შეჯიბრებაში მესამედ დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.
საინტერესოა, რომ ბოლო ტურში ესპანელები და ხორვატები ერთმანეთს ხვდებიან. ფრე ესპანელებისაა — პირველზე გავლენ.
მესამეზე კი გერმანიაა. გერმანელები შაბათს, 25 იანვარს, სტოკჰოლმში ჩავლენ და მეხუთე ადგილისთვის ითამაშებენ. მათ ავსტრიას 12 გოლიანი სხვაობით მოუგეს — 34:22. ამ მატჩის მთავარი გმირი მეკარე იოჰანეს ბიტერი (სურათზე) იყო. ბიტერმა 15 დარტყმა მოიგერია, რაც მის კარში ნასროლთა 54% გახლავთ.
ავსტრიის ნაკრების მწვრთნელი ალეს პაიოვიჩი: „ასეთი დამარცხება გულსატკენი იყო. გადამწყვეტი როლი იოგი ბიტერმა და მეტოქის დაცვის 6:0 ტაქტიკამ ითამაშეს. ჩვენ, სამწუხაროდ, როდესაც სროლის იშვიათი შანსი გვეძლეოდა, მიზანს ვაცილებდით”.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
