ვთქვით და საქართველოს უდიდესი ჩოგბურთელი გაგვიბრაზდა…
ადრე არ გვითქვამს? ერთხელ, მეორედ, მესამედ … მეათედ… საჩოგბურთო ელიტაში ნიკა ბასილაშვილის ელვისებური წინსვლით აღვფრთოვანებულვართ და აღფრთოვანებისას ხშირად ზომასაც გადავსულვართ – ქართველები ვართ, სპორტულ ბედნიერებას მოწყურებულნი და როცა იგი გვეწვევა, ჟურნალისტებშიც ზოგჯერ ემოცია გადასძალავს პროფესიული ანალიზის უნარს. თქმა ჩვენი ვალია – ავისაც და კარგისაც – ამიტომ ვთქვით, რაც შევიტყვეთ, გადამოწმებისა და გაანალიზების შემდეგ:
- “ნამდვილად არ გვსურს დავიჯეროთ, რომ ავტორიტეტიანი La Gazzeta delo sport, Europsort და ZDF რასაც ირწმუნებიან სიმართლეა”
- “თუ ასეა, მაშინ ეს არა მხოლოდ ქართული ჩოგბურთის, ზოგადად ჩვენი სპორტის დიდი სირცხვილი და შავი ლაქა იქნება”
- “ყველაზე ხშირად ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელი ფიგურირებს”
და ბოლოს:
- “იმედია, ყველაფერს ფარდა აეხდება და ვისურვებდით, რომ ჩვენებური მეჩოგნე ამ საქმეში სუფთა იყოს. სხვა შემთხვევაში ეს ის ნიკა აღარ იქნება, რომელიც გულშემატკივარს ასე ძალიან უყვარს”
ქართული გრამატიკის ღრმა ცოდნა არ სჭირდება ზემორე სტრიქონებში იმის გარკვევას, რომ ნიკა ბასილაშვილის შესახებ წერისას “სარბიელი” ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს არსად გადასცდენია – ინფორმაცია გაავრცელა.
ჯერჯერობით საკმაოდ კორექტულია თავად ნიკაც: მან ქართული სპორტული მედია საშუალებების მიმართ მხოლოდ წყენა გამოხატა, რაც მედიასთან ურთიერთობის ზოგადქართული დაბალი კულტურის ფონზე მოვლენათა მშვიდად აღქმის და მომდევნო ნაბიჯებზე ფიქრის საფუძველს გვაძლევს.
ცხადია, საჩოგბურთო სამყარო უბრალოდ არ აფორიაქდებოდა, რაღაც დიდი და ცუდია მომხდარი და მთელ ამ ისტორიაში რაც დანამდვილებით გვეთქმის, ის გახლავთ, რომ ჩვენი სპორტსმენის სასარგებლო ფიორა ამბავსაც კი “სარბიელი” თავის პორტალზე მუდამ ღირსეულ ადგილს მიუჩენს.
ხოლო სიმართლე, თუნდ იგი ქართული სპორტის ვარსკვლავს ეხებოდეს, ერთია და რომც გვეტკინოს, სათქმელი მუდამ უნდა ითქვას, სხვაგვარად ვაიჟურნალისტებად გარდავიქცევით. კვლავ გვეიმედება, რომ ნიკა ბასილაშვილზე არავითარი მწარე სიმართლის თქმა არ მოგვიწევს.