„ტოტენჰემ ჰოთსპურის” მწვრთნელად გატარებულ პირველ დღეს ჟოზე მოურინიუმ დელე ალი გაიხმო და ჰკითხა, ძველებურად მაგარი რატომ აღარ ხარო.

„მე მას ველაპარაკე, — უამბო შემდეგ პორტუგალიელმა ჟურნალისტებს, — ვკითხე, შენ დელე ხარ თუ დელეს ძმა მეთქი. მიპასუხა, დელე ვარო. ძალიან კარგი, მაშინ დელესავით ითამაშე მეთქი”.

დრო გვაჩვენებს, როგორ უპასუხებს ამ ფსიქოლოგიურ სვლას 23 წლის ფეხბურთელი. თუმცა, საქმეს მხოლოდ ერთი გამოლაპარაკება ვერ უშველის.

2016-17 წლებში დელე ალიმ პრემიერლიგაში 18 გოლი გაიტანა, მაგრამ მას მერე მისი გოლების რაოდენობა შემცირდა. შემდეგ სეზონში იყო 9, მერე 5, მიმდინარე ჩემპიონატში კი დელეს ჯერჯერობით მხოლოდ 2 აქვს შეგდებული.

სტატისტიკის გაუარესებაში რასაკვირველია, როლი ტრავმებმაც ითამაშა, თუმცა მოურინიუ ამბობს, რომ ძველი ფორმის აღდგენა მარტო თავდამსხმელის საქმე არ არის. ამაში დელეს თავადაც უნდა დაეხმაროს.

„პოტენციურად ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, — თქვა „განსაკუთრებულმა”, — ახლა, მე უნდა შევქმნა ისეთი ტაქტიკური სიტუაცია, სადაც დელე თავს კომფორტულად იგრძნობს და ხელ-ფეხი გაეხსნება. მე მას სწორი დინამიკა უნდა შევუქმნა და ფიზიკურადაც კარგად უნდა მოვამზადო. დელე ალის რთული ტრავმები ჰქონდა და მათ გამო დღეს საუკეთესო ფორმაში ვერ არის.

თუკი შაბათს, „ვესტ ჰემის” წინააღმდეგ ვათამაშებ, მეეჭვება მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. მის ძველ დელე ალიდ ქცევას პროცესი სჭირდება. ის გახლავთ ფეხბურთელი, რომელიც ბოლო წლებში ჩვენთვის („ტოტენჰემ ჰოთსპურისთვის”) ძალიან მნიშვნელოვანი იყო”.

ჟოზე მოურინიუსა და დელე ალისთან დაკავშირებით უკვე მოხდა ერთი საინტერესო ამბავი. „ტვიტერში” გამოჩნდა პოსტი, რომელიც თითქოსდა 15 წლის დელე ალიმ „დონზში” თამაშის დროს დაწერა. „ტვიტი” ასეთია:

„დარწმუნებული ვარ, რომ მე არ ვარ ერთადერთი, ვისაც მოურინიუ გაბუქულ მწვრთნელად და მამლაყინწად მიაჩნია. ტრაბახი ადამიანს ცუდ მწვრთნელად წარმოაჩენს. მასთან არასდროს ვიმუშავებ”.

„ვინც ეს დაწერა, არ გაუმართლა, რადგან პოსტი ნამდვილს არ ჰგავს. თუმცა, რომც იყოს… იცით, როდესაც „უნიაუ ლეირიაში” ვმუშაობდი, „პორტუს” ვხვდებოდით და ამ შეხვედრის დროს მე და დეკუმ ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენეთ. ეს არ იყო უბრალო შეკამათება, ეს იყო დიდი შეურაცხყოფა. და აი, ამ ამბიდან რამდენიმე კვირაის შემდეგ „პორტუმ” მიყიდა. გასახდელში რომ შევედი, ვხედავ დეკუს თავი ხელებში ჩაურგია. მომენტი ვიხელთე, მივედი და დაველაპარაკე. ასე რომ, ეს პოსტი მართლა დელესაც რომ დააეწერა, მე პირიქით, გამიხარდებოდა”, — თქვა მოურინიუმ.