*** 15 მოგებული ტიტული
*** 2010 წელს უიმბლდონის ფინალისტი
*** ჰოფმანის თასის ჩემპიონი (2012)
*** დევისის თასის გამარჯვებული (2012, 2013)
ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიღწევებისა, რასაც ტომაშ ბერდიხმა თავისი საჩოგბურთო კარიერის მანძილზე მიაღწია. ჩეხ მეჩოგნეს აქტივში აუცილებლად უნდა ჩავუთვალოთ სხვადასხვა წლებში ავსტრალიისა და ამერიკის ღია პირველობების ნახევარფინალში გასვლაც.
ის სამეფო სპორტის მოყვარულთა გარკვეული ნაწილის თვალში შესაძლოა უჯიგრო, დუნე და ხელმოცარული მოთამაშე ყოფილიყო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაგრამ ბევრისთვის ასევე საყვარელი სპორტსმენი გახლდათ. ის ერთხელ მაინც იმსახურებდა რომელიმე დიდი სლემის თასის აღმართვას, მაგრამ კარგად ნაცნობი დიდი ოთხეულისა და ტიტანების გარემოცვაში მოუხდა მთელი კარიერის წარმართვა. უიმბლდონზეც, ის ერთადერთი შანსი, როდესაც მეიჯორის მოგებასთან ყველაზე ახლოს იყო სწორედ რაფაელ ნადალმა არ დაანება.
ტომაშ ბერდიხი წესიერი ჩოგბურთელი გახლდათ, რომელიც კორტზე გამაღიზიანებელი ქცევით ან გამომწვევი ქმედებებით არ გამოირჩეოდა. ამიტომაც, ნაკლებად გვახსენდება მისი მრავალწლიანი კარიერის მანძილზე სკანდალში გახვეულიყო. ბოლო პერიოდში კი ის ტრავმებმა გააწამა და კორტზე სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩანდა.
34 წლის ბერდიხი მიხვდა, რომ ცდას აზრი აღარ ჰქონდა და მძიმე გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ასეც მოიქცა – ჩოგანი გვერდზე გადადო – ტომაშ ბერდიხმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
21-ე საუკუნის ყველაზე წარმატებული და გამორჩეული ჩეხი ჩოგბურთელის დიდი სპორტიდან გაცილების ცერემონია 16 ნოემბერს ლონდონში იგეგმება, სადაც ვაჟთა შორის შემაჯამებელი ტურნირი მიმდინარეობს.