საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრებაში ნაახალწლევს, 10-12 იანვარს, იტალიაში ჩაებმება. ჩვენს ნაკრებთან ერთად III ჯგუფში იტალიელები, რუმინელები და კოსოვოელები არიან.
ეს იქნება შესარჩევის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი კი 2020 წლის აპრილსა და ივნისში გაიმართება. მასში პირველი ეტაპიდან ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები გადავლენ.
საინტერესოა, რომ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ თავად ჯგუფებს დართო ნება განესაზღვრათ შესარჩევი შეჯიბრების პირველი რაუნდის ფორმატი. საქართველოს მიმოსვლით, ორ წრედ ერჩივნა თამაში, მაგრამ დანარჩენმა სამმა ქვეყანამ საქმის ერთ ქვეყანაში ტურნირით მომთავრება ამჯობინა. რაც შეეხება ტურნირის მასპინძელს, ის უკვე წილისყრამ განსაზღვრა.
ამრიგად, იტალიის ქალაქ პესკარაში, 10 იანვარს, საქართველოს ნაკრები რუმინეთს შეხვდება, თერთმეტში იტალიას, ხოლო თორმეტში კოსოვოს.
დანარჩენ სამ ჯგუფში საქმე ასეა:
I ჯგუფი (ლიტვა, სლოვაკეთი, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი) ითამაშებს ლიტვაში.
II ჯგუფი (ისრაელი, საბერძნეთი, ფინეთი, კვიპროსი) ითამაშებს მიმოსვლით, ორ წრედ.
IV ჯგუფი (თურქეთი, ბელგია, ესტონეთი) ითამაშებს თურქეთში.