თანამედროვე ჩოგბურთს მან თავისი კვალი უსათუოდ დაატყო. შესაძლოა, ბევრს მისი თამაშის სტილი არ მოსწონდა და აღიზიანებდა, მაგრამ ფაქტია რომ დიდი სამეულის ეპოქაში რამდენიმე დიდი სლემის ტურნირის მოგება მოახერხა და რეიტინგის პირველი ნომერიც იყო.
მის კარიერაში 2016 წელი საუკეთესო იყო. მოიგო „უიმბლდონი“, რიოს ოლიმპიური თამაშები და ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი, ისე კი ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია (ლონდონი – 2012, რიო – 2016), სულ კარიერაში კი მასტერსის 14 ჯილდო აქვს დასაკუთრებული.
ენდი მარიზე ვამბობთ, რომელსაც ბრიტანეთის დედოფალმა რაინდის წოდებაც კი უბოძა.
სპორტში ტრავმების გარეშე იშვიათად რომ გამოძვრე. გამონაკლისი არც ჩოგბურთია. ენდისაც ტრავმიანობამ მაშინ დარია ხელი, ერთი შეხედვით კარიერის პიკზე რომ იმყოფებოდა და დაამუხრუჭა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ბრიტანელი მეჩოგნე კარიერის დასრულებაზეც კი დაფიქრდა და მას წლევანდელ ავსტრალიის ღია პირველობაზე კოლეგებმა საკმაოდ გულისამაჩუყებელი დასამშვიდობებელი კლიპიც მიუძღვნეს, მაგრამ…
ავსტრალიის ღია პირველობაზე, მელბურნში, წლის პირველ დიდ სლემზე რობერტო ბაუტისტა-აგუტთან პირველ წრეში წაგების შემდეგ, ენდი მარი კვლავ საოპერაციო მაგიდაზე დაწვა და რამდენიმე თვის შემდეგ ჩოგანი ხელში ისევ აიღო. ის კორტს წყვილთა თანრიგში დაუბრუნდა და სერენა უილიამსთან შერეულ წყვილშიც ითამაშა, ხოლო ფელისიანო ლოპესთან ერთად ლონდონში საკმაოდ პრესტიჟული ტურნირი მოიგო.
ყველას ეგონა, რომ ენდი მარი დიდ ჩოგბურთს ანუ ერთეულთა შორის გამოსვლას ვეღარ მოახერხებდა, თუმცა მისი ქომაგების და ზოგადად ჩოგბურთის მოყვარულების გასახარად შოტლანდიელი ბრუნდება. ის ცინცინატის მასტერსზე ითამაშებს. ორგანიზატორებმა ენდის ე.წ. „ველური ბარათი“ გადასცეს.
„ეს წუთია გავიგე, რომ ცინცინატის მასტერსზე „ვაილდ ქარდი“ მომცესნ და ისევ ვითამაშებ ამ არაჩვეულებრივ ტურნირზე,“ – დაწერა გახარებულმა ენდი მარიმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
ასე რომ, 32 წლის ენდი მარი ბრუნდება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
