
თბილისის სპორტის სასახლეში, 17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. წინ ფლეი-ოფია, რომელიც, ხელბურთელთა ადათის თანახმად, ყველა ადგილს პატრონს მიუჩენს. სხვა სიტყვებით, შინ ჯერ არავინ გამგზავრებულა. ბრძოლა გრძელდება.
საქართველოს ნაკრები B ჯგუფში გამოდიოდა, სადაც, შეგახსენებთ, რომ ლიეტუვასთან პირველი თამაში წააგო, ხოლო შემდეგი ორი, ფინეთსა და ლატვიასთან მოიგო. მეოთხე ტურში ქართველი გოგონები ისვენებდნენ, სამაგიეროდ მათ კონკურენტებს შვეიცარიასა და ლიეტუვას ჰქონდათ ერთმანეთთან საქმე გასარჩევი.
გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში სიტყვა კონკურენტი ცოტა გადაჭარბულია, რადგან რეალურად შვეიცარიას ჯგუფში ასეთი არ ჰყოლია. მათ ლიეტუვას 31:19 მოუგეს და ბოლო დღეს საქართველოსაც თითქმის ისევე, 31:18 აჯობეს. ამრიგად, შვეიცარია 4 თამაშიდან 4 მოგებით B ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ნახევარფინალში A ჯგუფის მეორე გუნდთან, უკრაინასთან ითამაშებს.
ბოლო დღეს, B ჯგუფში ლიეტუვამ ფინეთს სძლია 43:23. ფინელების გამარჯვების შემთხვევაში ისინი, საქართველო და ლიეტუვა თანაბარი ქულებს დააგროვებდნენ და მერე ამ სამში ბურთების თვლა დაიწყებოდა. სხვათა შორის, თავიდან, 17 წუთის განმავლობაში, ფინეთი მეტოქეს უგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ძლიერმა გაიმარჯვა.
ამრიგად, ლიეტუვა მეორეზე გავიდა და ნახევარფინალში A ჯგუფის პირველ გუნდს, სერბეთს შეხვდება.
აქვე აღვნიშნოთ, რომ A ჯგუფში ძლიერი და სუსტი უფრო ადვილად გაირკვა ვიდრე B-ში.
გამოვიდა, რომ საქართველოს ნაკრები 5-8 ადგილებისთვის იბრძოლებს. საამისოდ, ის ხვალ, 10 აგვისტოს, 15 საათზე, საბერძნეთის გუნდს შეხვდება. მათ შორის გამარჯვებული კი კვირას, 11 აგვისტოს, 14 საათზე, ფარერის კუნძულებსა და ფინეთს შორის მოგებულს ეთამაშება. შესაბამისად, წაგებულები კვირასვე, ოღონდ 12 საათზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ბოლო ორი, 9-10 ადგილისთვის ბულგარეთი და ესტონეთი ხვალ, დილის 11 საათზე იბრძოლებენ.
ნახევარფინალები შაბათს 17 და 19 საათზეა, მესამე ადგილისთვის მატჩი კვირას 16 საათზე, ხოლო ფინალი 18 საათზე.
დასწრება უფასოა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
აქეთურ-იქითური28/06/2026 | 10:00დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა
მთავარი ამბავი28/06/2026 | 08:59ამის შემდეგ რა ელის ინგლისს?
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
