ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე უმწვრთნელოდ დარჩა. რუსი წარმომავლობის გერმანელმა ჩოგბურთელმა ივან ლენდლთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ალექსანდრე ზვერევზე ვამბობთ, ვინც ჰამბურგის პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში სწორედ ჩვენებურს დაუპირისპირდება.
მანამდე კი ზვერევმა, რომელიც რეიტინგის მე-5 ნომერია ლენდლთან დამშვიდობება გადაწყვიტა, რომლის მწვრთნელობის პერიოდშიც მან მხოლოდ ორი შეჯიბრის მოგება შეძლო – ლონდონის შემაჯამებლის და ჟენევის ტურნირის.
ზვერევს და ლენდლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაცივდა, რაც ბოლო პერიოდში წარსულში გამოჩენილი ჩოგბურთელი თავისი მოვალეობის შესრულებას ზერელედ ეკიდებოდა, ხოლო ჯამაგირის სახით საკმაოდ მსუყე თანხას იჯიბავდა. ირკვევა, რომ ივან ლენდლი ზვერევისგან თითო ვარჯიშში 5 ათას დოლარს იღებდა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ კორტზე მდგარიყო და შეგირდისთვის დავალებები მიეცა ან რომელიმე კომპონენტის დახვეწაში დახმარებოდა, მეგობრებთან ერთად დროს გოლფზე საუბარში ატარებდა. ზვერევსაც საქმისადმი ლენდლის დამოკიდებულება ყელში ამოუვიდა და გუდა-ნაბადი ააკვრევინა.
საინტერესოა ვინ გახდება ალექსანდრე ზვერევის მწვრთნელი. ეჭვგარეშეა, რომ ასეთი მაღალი დონის ჩოგბურთელთან თანამშრომლობაზე უარს არავინ იტყვის. ჰამბურგის ტურნირზე, ნიკოლოზ ბასილაშვილთან უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში კი მას მამა და ძმა გაამხნევებს, თუმცა რატომ მხოლოდ ისინი? ცენტრალურ კორტზე ტრიბუნები, ალბათ, ბოლომდე შეივსება და მას არც ქომაგობა მოაკლდება.