კორი, ამერიკის ღია პრობლემა

Home აქეთურ-იქითური კორი, ამერიკის ღია პრობლემა
კორი, ამერიკის ღია პრობლემა

ახლახანს დასრულებულ „უიმბლდონზე“ წარმატებული თამაშით მან ჩოგბურთის უამრავი ქომაგის გული მოიგო, ხოლო სამეფო სპორტის სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ამქვეყნად ყველაფერი შედარებითია და წარმატებული გამოსვლითო რომ ვამბობთ, რა თქმა უნდა, ჩემპიონობას ან თუნდაც ნახევარფინალში ან ფინალში გაღწევას არ ვგულისხმობთ. თინეიჯერულ ასაკში დიდი სლემის ტურნირზე თუნდაც 3 ეტაპის გავლა სახუმარო საქმე ნამდვილად არ გახლავთ.

ჩოგბურთის ქომაგი მიხვდება, რომ საუბარი 15 წლის კორი გაუფზე გვაქვს, რომელიც ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებისთვის დიდ, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო თავის ტკივილად იქცა. საქმე, მოახლოებულ US Open-ზე, რომელიც ნიუ ორკში სტარტს 26 აგვისტოს აიღებს გაუფის მონაწილეობას ეხება. პრობლემის არსი კი წესებში მდგომარეობს.

მოკლედ, ფეხბურთში ბოსმანისა არ იყოს, ჩოგბურთში ჯენიფერ კაპრიატის წესები მოქმედებს, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ქალთა ერთეურთა თანრიგში 16 წლამდე მოთამაშეებს წლის მანძილზე WTA-ს ეგიდით გამართულ მხოლოდ 3 ტურნირში შეუძლიათ მონაწილეობა. კორი გაუფმა კი ეს კვოტა, „როლან გაროსზე“, მაიამის შეჯიბრზე და „უიმბლდონზე“ თამაშით უკვე ამოწურა.

US Open-ის საორგანიზაციო კომიტეტი წესების დარღვევას გეგმავს იმისთვის, რომ კორი გაუფი ბილი ჯინ კინგის საჩოგბურთო კომპლექსში თანამემამულე გულშემატკივრების წინაშე წარსდგეს. ისინი, 15 წლის ნიჭიერი ჩოგბურთელისთვის ე.წ. „ველური ბარათის“ მინიჭებას აპირებენ.

„კორიმ, უიმბლდონზე თავისი არაჩვეულებრივი თამაშით გულშემატკივრების სიყვარული მოიპოვა. ამიტომ, გვსურს მას მივცეთ საშუალება საკუთარი ქომაგის წინაშეც წარსდგეს. სპორტში, ასეთ ახალგაზრდულ ასაკში, ყველა ვერ ახერხებს უამრავი ადამიანის ყურადღების ცენტრში მოექცეს,“ – ამბობს ამერიკის ღია პირველობის ხელმძღვანელი კრის ვიდმაიერი.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.