ლონდონში და ინგლისში რომ „ტოტენჰემს“ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს რა გასაკვირი ამბავია. ეგ კი არა, „დეზებს“ ქომაგები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თუნდაც საქართველოშიც ეყოლებათ. მართალია, არა ისეთი რაოდენობით, როგორც ევროპულ გრანდებს, მაგრამ „ტოტენჰემის“ წარმატება ნისლიან ალბიონს მიღმაც უხარიათ და თან ისე, რომ მავანი მზად არის მშობლების მიერ დარქმეულ სახელზე უარი თქვას და პასპორტში ლონდონური გუნდის სახელწოდება ჩაიწეროს.

ასეთი სურვილი შვედეთის 39 წლის მოქალაქეს, დევიდ ლინდს ამოძრავებს. მან, ამ მიზნით ქვეყნის შესაბამის სამსახურებსაც მიმართა, მაგრამ უარი სტკიცეს.

„ძალიან სამწუხაროა. აქამდე ვიცოდი, რომ შვედეთში პასპორტში ნებისმიერი სახელი შეიძლება ჩაიწერო, მაგრამ ტოტენჰემის ხსენებაზე მკვახე უარი მივიღე. ჩვენს ქვეყანაში, უცნაური სახელებით არაერთ ადამიანს შეხვდებით. მაგალითად, მე ვიცნობ პიროვნებას, რომელსაც სულაც კარტოფილი ჰქვია. ალბათ, ადამიანი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ჩემთვის უარი ეთქვა „არსენალის“ ქომაგია,“ – წერს „ტოტენჰემის“ თავგადაკლული ფანი დევიდ ლინდი.

„ტოტენჰემმა“ წინა სეზონში პრემიერლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა და ამით ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლება კვლავ გაინაღდა. გვეეჭვება, მაგრამ თუ პოჩეტინოს გუნდი, ჩემპიონთა ლიგაში მინიმუმ იგივე შედეგს გაიმეორებს, დევიდ ლინდი, ალბათ, შვედეთის სახელმწიფო დაწესებულებებს სახელის გადარქმევის მოთხოვნით ისევ შეაწუხებს.