ასეთი რამ NBA – ში ბოლოს 2012 წელს მოხდა, როცა მნიშვნელოვანი გაცვლითი ოპერაციების შემდეგ „ლეიკერსმა“ სუპერვარსკვლავი დაიმატა. მაშინ ისტორია წარუმატებლად დასრულდა: დუაიტ ჰოვარდმა ერთი წლის თავზე თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა ანგელოზთა ქალაქი. მის გრძელვადიან გეგმებში „ლეიკერსი“ არ შედიოდა.
ენტონი დევისი სულ სხვა ისტორიაა. ნიუ-ორლეანელთა ლიდერი ლიგის საუკეთესო ათეულში შედის და ექვსი ოლ სტარი მოიტოვა ზურგს უკან. სწორედ ის დროა, ტიტულებზე იფიქროს და საამისოდ ლებრონზე უკეთეს პარტნიორს სად იპოვის?!
დევისის სანაცვლოდ ნიუ-ორლეანელები სამ ახალგაზრდა კალათბურთელს და დრაფტზე სამ არჩევანს მიიღებენ. ლებრონმა უკვე 35-ს მიუკაკუნა და ამ პატარა ბიჭების გავარსკლავებას ვერ დაელოდებოდა.
ლებრონის ხათრით „ლეიკერსმაც“ შეცვალა სტრატეგია. როგორც წესი, კლუბი გაცვლებში არ იყო ხოლმე ჩართული და ელოდებოდა თავისუფალი აგენტის სტატუსის ვარსკვლავებს, რომლებიც თავად გამოხატავდნენ ყველაზე ტიტულოვანთა რიგებში თამაშის სურვილს. ახლა კი ამხელა კომბინაცია…
სამაგიეროდ, წლების მანძილზე დამცირებული და ფლეი ოფს დანატრებული გუნდი ჯეიმსი-დევისის ხელში ერთბაშად მომავალი სეზონის ფავორიტად იქცა.