საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი ვანო კარკაძე კარიერას „ბრივში“ გააგრძელებს.

ამ კლუბის ახალგაზრდული შემადგენლობისა და საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრების კვაჭი იან ლაგანი ზაფხულში „ბორდოში“ გადადის და ბრიველთა შერკინების ახალმა მწვრთნელმა, სახელოვანმა ბორჯღალოსანმა გოდერძი შველიძემ ამ დანაკარგის შევსება თანამემამულით გადაწყვიტა. მისი პროტეჟეს, „ორიაკის“ ჰუკერის ვანო კარკაძის კანდიდატურამ „ბრივის“ ხელმძღვანელობა სავსებით დააკმაყოფილა და ახალგაზრდა პირველხაზელი მომავალი სეზონიდან 2021 წლის ზაფხულამდე ესპუარის სტატუსით სწორედ ამ კლუბში იბურთავებს.

18 წლის კარკაძე ქართული რაგბის ამომავალი ვარსკვლავია. მან „ორიაკში“ პრო D 2-ის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო უკვე წლეულს, ნორჩი ასაკის მიუხედავად, დებიუტი ყველა ქართველისთვის საოცნებო ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა, თანაც ვისთან – ბორჯღალოსანთა უმთავრეს კონკურენტ რუმინელებთან შეხვედრაში.

ვანომ მერე კიდევ ორ სანაკრებო მატჩში მიიღო მონაწილეობა – ბელგიასთან და გერმანიასთან, სადაც თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. იმედია „ბრივი“ მოახლოებულ პლეი-ოფში დაიბრუნებს ტოპ 14-ის წევრობას და ვანო კარკაძეს დებიუტი საფრანგეთის უმაღლეს დონეზეც მალე ექნება.
მანამდე კი, ნორჩი კვაჭი საქართველოში ჩამოსვლასა და „ახალგაზრდა ბორჯღალოსნებთან“ ერთად მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მომზადებას აპირებს.