საფრანგეთის ტოპ 14-ის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური რჩება, თუმცა, ბევრ კითხვას პასუხი უკვე გაეცა. მაგალითად, ცნობილია, რომ „არაქართული“ „პერპინიანი“ ქვედა ლიგაში ბრუნდება და მის ადგილს მრავალქართველიანი „ბრივი“ დაიკავებს. ასევე გადაწყდა, რომ „ტულუზმა“ და დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ბექა კაკაბაძის „კლერმონი“ პირველ-მეორე ადგილებს ვეღარ ჩამოცილდებიან და პლეი-ოფში მეორე წრიდან ჩაებმებიან. დუდუ ქუბრიაშვილისა და ბექა გიგაშვილის „გრენობლს“ კი გასავარდნი პლეი-ოფი ელის…
საჩემპიონო პლეი-ოფის 4 საგზურისთვის კი გაცხარებული ბრძოლა ერთბაშად 7 გუნდს შორის მიდის. გასულ ტურში ამ ბრძოლის მონაწილეები ერთმანეთს პარიზულ დერბიში შეხვდნენ – ვასილ კაკოვინისა და გურამ გოგიჩაშვილის „რასინგმა“ გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსეს“ უმასპინძლა და 23:27 დამარცხდა.
გოგიჩაშვილი და მელიქიძე თამაშში მეორე ნახევრიდან ჩაერთვნენ. სტუმრებს გამარჯვება გიორგი მელიქიძემ მოუტანა. ქართველმა ბურჯმა მატჩის 58-ე წუთზე თანაგუნდელთა ხანგრძლივი შეტევა რაქიდან ბურთის ატაცებითა და ლელოში დადებით დაასრულა. ამ ლელომ „სტად ფრანსესმ“ საბოლოოდ დააწინაურა, ხოლო 23 წლის ბორჯღალოსნისთვის ეს იყო პირველი ლელო ტოპ 14-ში ჩატარებულ მე-13 მატჩში.