„დემბელე ნეიმარზე გაცილებით უკეთესი ფეხბურთელია, — თქვა „ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ და იქვე გაჩნდა კითხვა: რას ნიშნავს ეს? მადრიდული გაზეთის „მარკას” თქმით ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ბრაზილიელს ესპანეთში დაბრუნება უწერია, ის უფრო „რეალში” ამოჰყოფს თავს, ვიდრე კატალონიის დედაქალაქში.
გეხსომებათ, რომ ბრაზილიელმა ფორვარდმა „ბარსა” 2017 წელს დატოვა და „პარი სენ ჟერმენში” გადავიდა. მას მერე მისი „ლა ლიგაში” დაბრუნების შესახებ ლაპარაკი ერთი დღითაც არ შეწყვეტილა. ნეიმარს უკავშირებდნენ „ელ კლასიკოს” ორივე გუნდს, როგორც „რეალს” ასევე „ბარსელონას”.
ბარტომეუს კომენტარმა, რომ მას დემბელე გაცილებით ჯობია, ცხადია ნეიმარის ყურამდე მიაღწია და, სავარაუდოდ „ბლაუგრანას” პრეზიდენტთან ურთიერთობა დაუძაბა. ამბობენ, რომ ეს ურთიერთობა დიდად დაშაქრული ისედაც არ ყოფილა.
ბარტომეუმ დასძინა, რომ სანამ „ბარსაში” ფილიპე კოუტინიუ და ოსმან დემბელე თამაშობენ, იქ ნეიმარის ადგილი არ იქნება.
რამდენადაც ცნობილია, ლეო მესი და ლუის სუარესი ბრაზილიელ ფორვარდთან მეგობრობენ და დიდი სიამოვნებით შეეგებებოდნენ მას „კამპ ნოუზე”, მაგრამ როგორც ჩანს მოვლენები ამ სცენარით ვერ განვითარდება.