იურგენ კლოპმა მსაჯის მარტინ ატკინსონის წინააღმდეგ გაილაშქრა — აშკარა პენალტი არ მოგვცა და ორი ქულა დაგვაკარგინაო. ამრიგად, „ლივერპულისა” და „ლესტერის” შეხვედრა „ენფილდზე” 1:1 დასრულდა და მერსისაიდელებმა ცხრილში 7 ქულით დაწინაურების შესანიშნავი შანსი გაუშვეს ხელიდან. შესაბამისად, 24 ტურის შემდეგ ისინი „მანჩესტერ სიტის” 5 ქულით უსწრებენ.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს „სიტიმ” „ნიუკასლთან” 1:2 წააგო, რასაც ინგლისურ პრესაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. მას-მედია ჩემპიონატის ბედს მთლად გადაწყვეტილად ვერ აცხადებდა, მაგრამ ბევრიც არ აკლდა. და აი, ატკინსონმა რიკარდო პერეირას მიერ ნაბი კეიტას წაქცევისთვის „ლესტერის” კარში პენალტი არ დანიშნა, რამაც მერსისაიდელები დააბრკოლა.

კლოპი მძვინვარებდა: „სხვა ასეთ აშკარა საპენალტე სიტუაციას ვერც კი ვიხსენებ რომ გვქონოდა. მსაჯი შესანიშნავ ადგილზე იდგა, საიდანაც ყველაფერი ცხადად ჩანდა. ახლა რაღას უშველი, მაგრამ საინტერესოა მსაჯს ვკითხოთ რატომ არ დანიშნა თერთმეტმეტრიანი”.

კლოპის პასუხად „ლესტერის” თავკაცმა კლოდ პუელმა თქვა: „შეკითხვა, იყო თუ არა პენალტი, იგივეა რომ მკითხოთ ვარ თუ არა „ლივერპულის” გულშემატკივარი. მე თუ მკითხავთ, მსაჯი სწორად მოიქცა პენალტი რომ არ დანიშნა. „ლივერპული” ქულების დაკარგვას რეფერის ერთი გადაწყვეტილებით ვერ გაამართლებს”.

„წითლების” კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა კი ასე თქვა: „იმ ადგილიდან, სადაც მე ვიყავი, უფრო პენალტს ჰგავდა, თუმცა მსაჯი უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდა. ამ წუთას ალბათ თქვენ, ჟურნალისტებმაც ჩემზე უკეთ იცით იყო თუ არა დარღვევა”.

ყოფილმა მსაჯმა და ახლა ექსპერტმა მარკ ჰელსიმ ეპიზოდი ასე შეაფასა: „ლივერპულს” არ გაუმართლა არბიტრმა პენალტი რომ არ დანიშნა. რიკარდო პერეირა ნაბი კეიტას შეეხო და დარტყმის დროს წონასწორობა დააკარგინა.