აზარი: მოდრიჩი ოქროს ბურთს აღარ იმსახურებს!

Home კატეგორიის გარეშე აზარი: მოდრიჩი ოქროს ბურთს აღარ იმსახურებს!
აზარი: მოდრიჩი ოქროს ბურთს აღარ იმსახურებს!

ედენ აზარს ცოტა ხნის წინ თანაგუნდელმა ოლივიე ჟირუმ ჯადოქარი უწოდა, მაგრამ „ჩელსის” ბელგიელ ვარსკვლავს ამ ეტაპზე ქება-დიდების მოსმენა არ სურს. ის ამბობს, რომ წლეულს „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთს” არ იმსახურებს, თუმცა იმასაც პირდაპირ დასძენს, რომ ჯილდო არც ხორვატ ფავორიტს ლუკა მოდრიჩს ეკუთვნის.

„ადრე რომ ეკითხათ ვიტყოდი, რომ ღირსეული გამარჯვებული მოდრიჩი იქნებოდა, მაგრამ აგვისტოდან მოყოლებული ოქტომბრის ჩათვლით მან კარგად ვეღარ ითამაშა, — თქვა აზარმა ბელგიურ მაუწყებელ RTBF-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩმა წლეულს უკვე მოიპოვა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისა და ფიფას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება.

შემდეგ აზარმა თავისი აზრი უფრო დააკონკრეტა: „მიმდინარე სეზონის დასაწყისსაც თუ გავითვალისწინებთ, მაშინ კილიან მბაპეს გამოყოფა მოგვიწევს. პირადად მე კი „ოქროს ბურთს” არ ვიმსახურებ. ვფიქრობ, წლეულს იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემზე უკეთ ითამაშეს”.

მიმდინარე სეზონში ჩატარებული 11 პრემიერლიგური თამაშიდან აზარმა 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გადააწოდა. ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში კი მან მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი მოიპოვა. მონდიალის ნახევარფინალში ბელგიელებმა კილიან მბაპესთან და მომავალ ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებთან წააგეს.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...