ისროლეთ ლუდი, არ არის ცუდი

Home აქეთურ-იქითური ისროლეთ ლუდი, არ არის ცუდი
ისროლეთ ლუდი, არ არის ცუდი

რა იყო ყველაზე სახალისო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, სადაც „პსვ ეინდჰოვენი” „ინტერს” მასპინძლობდა?

თამაში მილანელებისთვის სასიკეთოდ არ დაწყებულა: 27-ე წუთზე 21 წლის პაბლო როსარიომ მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ შესვენებამდე ერთი წუთით ადრე რაჯა ნაინგოლანმა ანგარიში გაქვითა, მე-60 წუთზე კი მაურო იკარდიმ „ნეროაძურის” გამარჯვების გოლიც შეაგდო. ამრიგად, „ინტერმა”, რომელმაც პირველ ტურში „სან სიროზე” „ტოტენჰემ ჰოთსპურს” ასეთივე ანგარიშით მოუგო, 6 ქულა დააგროვა და B ჯგუფის ცხრილს „ბარსელონასთან” ერთად ლიდერობს.

და მაინც, ამ შეხვედრის ყველაზე სახალისო მომენტი ბურთაობასთან არ იყო დაკავშირებული. მილანელთა ნახევარმცველმა მატეო პოლიტანომ ტრიბუნიდან ნასროლი ლუდის ჭიქა დაიჭირა — აი, რამ გაამხიარულა მაყურებელი ყველაზე მეტად. ეს ჯარიმის დროს მოხდა, როდესაც პოლიტანო მოთმინებით ელოდა, როდის დაალაგებდა მსაჯი ვითარებას და მატჩის გაგრძელების ნიშანს მისცემდა, „ეინდჰოვენის” მავანმა გულშემატკივარმა კი ვერ მოითმინა და ტრიბუნიდან ლუდით სავსე ჭიქა ისროლა.

ვერ გეტყვით რა დამოკიდებულება აქვს 25 წლის პოლიტანოს ლუდთან, მაგრამ ფაქტია, რომ მან ტრიბუნიდან ნასროლი სასმელი დაიჭირა და ალავერდს მსაჯთან გადავიდა.

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...