პასუხი კითხვაზე, რომელ ქალაქში წავა ევროპის სუპერთასი, ცნობილია: მადრიდში, მაგრამ რომელი კლუბის ფორმით ჩავა თასი ესპანეთის დედაქალაქში და მადრიდის რომელ უბანში იბანვებენ შადრევნებში, დღეს ტალინში გაირკვევა.
უკვე ორი წელია, სუპერთასი „რეალის“ მუზეუმში მიბრძანდება, მაგრამ რაკი რონალდუ ტურინში გადაბარგდა და ზედიზედ სამი ფინალის მომგები ზიდანიც წავიდა, სიმეონეს შანსი აქვს ჯავრი იყაროს ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში მარცხის გამო – ჯერ ხომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქციეს ქალაქურ დერბიდ მადრიდულმა კლუბებმა და ახლა ევროპის სუპერთასიც მათი გასაყოფი გახდა.
დიეგო სიმეონე დიდად ნაცადია ევროთასებზე, „რეალის“ ახალი მწვრთნელი ლოპეტეგი კი სეზონის პირველივე ოფიციალურ მატჩში იმის დამტკიცებას ეცდება, რომ ფლორენტინო პერესი ტყუილად არ დაშვრა მის გადასაბირებლად და ტყუილად არ მიტოვებინა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე. ლოპეტეგს დიდად არაფერი შეუცვლია გუნდში, რონალდუს ადგილს ასენსიო დაიკავებს და დანარჩენი ძველებურად იქნება. ერთი კია, ბრაზილიელ ახალწვეულ ვინისიუსს ძალიან აქებენ და ეგებ ვნახოთ კიდეც დღეს, ეტყობა თუ არა ნიჭი კოჭებში.
„რეალის“ ახალ მწვრთნელს ტვირთად აწევს ზიდანის მონაგარი, რომელსაც არც ერთი ფინალი არ წაუგია, ლოპეტეგს კი სეზონის პირველივე ოფიციალურ მატჩში ფინალი და მადრიდის „ატლეტიკო“ დაეჯახა.
„ატლეტიკომ“ ორჯერ ითამაშა სუპერთასზე და ორივე მოიგო – 2010-ში „ინტერთან“ და 2012- ში „ჩელსისთან“, „რეალმა“ კი ოთხჯერ მოახერხა სუპერთასის მოგება – მათ შორის ორჯერ ესპანურ გუნდთან „სევილიასთან“.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
