დანიშნეს: ლუის ენრიკე!

Home კატეგორიის გარეშე დანიშნეს: ლუის ენრიკე!
დანიშნეს: ლუის ენრიკე!

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად ლუის ენრიკე დანიშნეს. ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი სამ კანდიდატს შორის არჩევდა. „ბარსელონას” ყოფილი თავკაცის გარდა ის კიკე სანჩეს ფლორესისა და მიჩელის ვარიანტებსაც განიხილავდა.

ლუის ენრიკე კუთხურობით ასტურიელია. ფეხბურთელობის წლებში მას „ლა როხას” შემადგენლობაში 62 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის ისტორიაში ესპანეთის ეროვნული გუნდის 54-ე მწვრთნელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ლუის რუბიალესმა რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე თანამდებობიდან მოხსნა ხულენ ლოპეტეგი, რომელმაც ის დააშავა, რომ მადრიდის „რეალს” გაურიგდა და მონდიალის დამთავრების შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაწყვიტა გადაბარგება. მაშინვე რუბიალესმა „ლა როხას” დროებით მწვრთნელად გუნდის ტექნიკური დირექტორი ფერნანდო იერო დანიშნა, რომელიც დღეს არათუ დროებითი მწვრთნელის, არამედ დირექტორის თანამდებობიდანაც გადადგა.

ლუის ენრიკე ბოლოს „ბარსელონაში” მუშაობდა, საიდანაც 2017 წლის ზაფხულში წავიდა. ბარსელონელთა თავკაცის რანგში მან სამი წელიწადი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ორჯერ „სამეფო თასი”, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ ესპანეთის სუპერთასი და ერთხელაც კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...