ილქაი გუინდოგანი ლევერკუზენის „ბაიარენას” გასახდელში თავჩახრილი შეიძურწა. გულშემატკივარმა მას ობსტრუქცია მოუწყო. სტვენამ და ღრიანცელმა გერმანიის ნაკრების საუდის არაბეთთან 2:1 გამარჯვებაც გადაფარა. ხალხის რეაქციამ ძლიერ იმოქმედა ბუნდესმწვრთნელ იოაჰიმ ლიოვზეც. შეგახსენებთ, რომ ეს გახლდათ ამხანაგური, მოსამზადებელი მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ.

მოგვიანებით, გუინდოგანმა „ტვიტერზე” გამოხატა თავისი დამოკიდებულება. მან დაწერა, რომ გულშემატკივრის სტვენის მიუხედავად ის მაინც მადლიერია, რომ გერმანიისთვის იბრძვის, ამ ქვეყნის სახელით თამაშობს.

როგორც მოგახსენეთ, გულშემატკივრის ქცევამ იოაჰიმ ლიოვიც დათრგუნა. მან თქვა: „გული მეტკინა. ნებისმიერ გუნდს გულშემატკივრის მხარდაჭერა აცოცხლებს. ყველა ფეხბურთელი თავისი ხალხის გვერდში დგომას უნდა გრძნობდეს. ხალხმა თავისი ნაკრების ფეხბურთელს ასეთი ღრიანცელი არ უნდა მოუწყოს”.

გუინდოგანის წინააღმდეგ გერმანელი ხალხის გავეშების მიზეზი კი კვლავ და კვლავ ის ფოტოა, მან და მესუთ იოზილმა თავიანთი ისტორიული სამშობლოს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად რომ გადაიღეს.

საუდის არაბეთთან თამაშის შემდეგ მეკარე მანუელ ნოიერმა თქვა: „შევეცდებით, რომ მომხდარმა გუნდზე არ იმოქმედოს”.

მარიო გომესმა კი დასძინა: „დარწმუნებული ვარ, ამ სტადიონზე ყველას უნდა გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდეს, მაგრამ ამისათვის ერთი ფეხბურთელიც კი არ უნდა დაგვაკლდეს. ჩემპიონობისთვის, ილქაი და მესუთი გვჭირდება”.