„ლივერპულის” ათასამდე ფანი შეიძლება კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანახავად ვერ ჩავიდეს — უკრაინის დედაქალაქისკენ სამი რეისი გაუქმდა.

გუნდი კი უკვე კიევშია

ტუროპერატორი Worldchoice Sports მერსისაიდელ ფანებს „ლივერპულისა” და „რეალის” შეხვედრაზე ჩასვლას უპრობლემოდ ჰპირდებოდა, მაგრამ ახლა იძულებულია ხალხს ფული დაუბრუნოს. მიზეზი: კიევის ბორისპოლის აეროპორტი ამდენ რეისს ვერ აუდის. უკრაინელები ფიზიკურად ვეღარ პოულობენ დროს, ეს რეისები სადმე რომ ჩასვან.

თუმცა, მდგომარეობა შეიძლება მაინც გამოსწორდეს, ვინაიდან საქმეში პირადად კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ჩაერია. კერძოდ რას აპირებს ყოფილი მოკრივე, დღე-ღამეში დროს დაამატებს თუ სამი რეისის ხალხს ერთ დიდ თვითმფრინავში ჩასვამს და მის მისაღებად აეროპორტს დროს გამოანახინებს ვერ გეტყვით, მაგრამ ინგლისელები წერენ, რომ რაღაც იმედი გაჩნდა.

ნაკლები, მაგრამ პრობლემებია მადრიდშიც. „რეალისთვის” 17 ათასი ბილეთი იყო გამოყოფილი, რომელთაგან კლუბმა ათასი ვერ გაყიდა და უკან დააბრუნა. საქმე ის არის, რომ ესპანელებს, რომელთაც წესით გაჭირვებული ხალხი არ ეთქმით, ბილეთების ფასი ეძვირათ. თავისი როლი ითამაშა კიევის სიშორემაც. და კიდევ, ეტყობა ამ დღეებში, უკრაინის დედაქალაქში სიძვირე მარტო სტადიონის ბილეთებს არ ეხება…