ესპანეთის ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე ყველაზე ავტორიტეტული და მასშტაბური გამოკითხვა შედგა, რომელმაც წლის საუკეთესო ხუთეული გამოავლინა.
თორნიკე შენგელია მძიმე ფორვარდის პოზიციაზე საუკეთესოა სრულიად ესპანეთში.
ახლა უმთავრესი:
გამოკითხვაში მედია, ქომაგები, მოთამაშეები და მწვრთნელები მონაწილეობდნენ და თითოეულ ამ ჯგუფს კალათბურთელისთვის ხმების 25 პროცენტის მოტანა შეეძლო. თოკო ამომრჩეველთა ოთხივე კატეგორიამ საუკეთესო მძიმე ფორვარდად ცნო და ხმების 100 პროცენტით იპირველა.
რამდენიც უნდა იძახონ, არატრადიციულად ატარებს ბურთს და ზურგით მიწოლა უყვარსო, „ქართველი ტანკი“ პირისპირ დარჩენილ ყველა მეტოქესთან ფავორიტია.
ახლა, რაც შეეხება მის ოკეანისგაღმურ პერსპექტივას: ბოლო ორი-სამი წელია ამერიკელებმა ევროპელებზე გული აიცრუვესავით. თვით ლუკა დონჩიჩს, ვინაც ლამის მარტომ მოაგებინა მადრიდის „რეალს“ ევროლიგა, რეალური მთხოვნელი NBA – დან არ ჰყავს.
ვიმედოვნებთ, თოკოს მთხოვნელი არ მოაკლდება. მანამ კი ვიამაყოთ, რომ ევროპის საუკეთესო „ტანკი“ ქართველია.