საოცარია… ჟოზე მოურინიუს მოჰამედ სალაჰიც „ჩელსიში“ ჰყავდა და კევინ დე ბრუინიც. ორივე გაყიდა. არადა, გავიდა რამდენიმე წელიწადი და ისინი ინგლისის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ — წლევანდელი გამოკითხვის თანახმად ეგვიპტელი პირველია, ხოლო ბელგიელი მეორე. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს შეშლოდა?
მოურინიუ დღეს „მანჩესტერ იუნაიტედს” წვრთნის და ამბობს, რომ სალაჰი მას არ გაუყიდია, ის „ჩელსის” შეფებმა გაყიდეს. „ლურჯები” ეგვიპტელში კარგი ფეხბურთელის ვერ-ამოცნობას მაბრალებენო.
„ახლა ამბობენ, რომ სალაჰი მე გავყიდე, არადა პირიქით იყო. მე სალაჰი კი არ გავყიდე, — ვიყიდე. მე ვარ ის კაცი, ვინც „ჩელსის” უთხრა, რომ ეს ფეხბურთელი უნდა შეეძინა. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ეგვიპტელი მაშინ ფიზიკურად სუსტი ბავშვი იყო, მენტალურად მზად არ გახლდათ, სოციალურად და კულტურულად კი უცხო გარემოში თავს დაკარგულად გრძნობდა. მისთვის რთული პერიოდი იდგა.
მაშინ ჩვენ მისი იჯარით გაშვება გადავწყვიტეთ. თავადაც ამას ითხოვდა. „ჩელსი” ადგა და იჯარის ნაცვლად გაყიდა. ასე რომ, როდესაც ამბობენ თითქოს სალაჰი მე გავყიდე, ტყუიან.
ვიმეორებ, მე მხოლოდ და მხოლოდ მის იჯარით გაშვებას დავთანხმდი. მიმაჩნდა, რომ „ჩელსიში” გარემარბები გვყავდა. რამდენიმე მათგანი დღესაც იქ არის, მაგალითად ვილიანი და ედენ აზარი.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ მე სალაჰი კი არ გავყიდე, — ვიყიდე. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ დღეს ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელმაც ჩვენს გარდა ყველა გუნდის კარში გაიტანა გოლი და მე ეს ძალიან მიხარია”.