დომინიკ სობოსლაიმ თქვა, რომ მისი უთანხმოება კერტის ჯონსთან ამოწურულია. შეგახსენებთ: ნიუ იორკში „ვრექსჰემთან“ ამხანაგური მატჩის (1:0) დამთავრების მერე „ლივერპულის“ ნახევარმცველი ჯონსი თანაგუნდელ სობოსლაის შეეკამათა. კამათში კოსტას ციმიკასიც მონაწილეობდა. კამათი სავარაუდოდ გამოიწვია იმან, რომ 75-ე წუთზე, როდესაც რიო ნგუმოჰამ სობოსლაი შეცვალა, უნგრელმა კაპიტნის სამკლავური ციმიკასს გადასცა და არა ჯონსს. კამათის ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
„ლივერპულის“ ეგრეთწოდებულმა ინსაიდერებმა ანუ საქმეში შიგნიდან ჩახედულმა ადამიანებმა თქვეს, რომ ამ მცირე კონფლიქტზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან ელიტურ ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება. „ვრექსჰემთან“ თამაშის მერე სობოსლაი და ჯონსი ბევრჯერ ნახეს ერთად. ისინი ერთმანეთს მეგობრულად ეხუმრებოდნენ.
თავად სობოსლაი ამბობს, რომ ხალხმა მომხდარს კუდი მოაბა. იმავდროულად ის არ მალავს, რომ სიამოვნებით დაიკავებდა ენდი რობერტსონის ადგილს ანუ გუნდის ვიცე-კაპიტანი გახდებოდა. მერსისაიდელთა კაპიტანი ვირჯილ ვან დაიკია.

„ჩვენ კამათი არ მოგვსვლია. ჩვენ მოედანზე რაღაც საკითხს განვიხილავდით, თქვენ კი, ბიჭებო, ყველაფერი გაბერეთ. შემდეგ ჯერზე თუ ერთმანეთისთვის რამე გვექნება სათქმელი, გასახდელში ვეტყვით. გარწმუნებთ, არავინ არავისზე გაბრაზებულა. ყველა მშვიდად არის. ვიცე-კაპიტნობაზე სიტყვა არავის დაუძრავს. ჩვენ გვყავს კაპიტანი – ვირჯილი. ჩვენს გუნდში არის ალისონი. ჩვენ გვყავს ჯო გომესი. ამწუთას ალი ჩენთან არ არის, ჯო კი დაშვებულია.
მე ამ დღეს სამკლავური მეკეთა, რითაც ძალიან ვამაყობ. დანარჩენი ვნახოთ. ჩემზე არ არის დამოკიდებული. როდესაც „ლივერპულის“ ვიცე-კაპიტნობას გთავაზობენ, თანხმობა უნდა განაცხადო. ისე კი ყველას პატივს ვცემ.
ერთი სული მაქვს როდის დაიწყება ახალი სეზონი, ვგრძნობ, რომ კვლავ შეგვიძლია დიდი ტიტულებისთვის ბრძოლა. მოტივაცია არ გვაკლია. გასულ სეზონში ვერ მივაღწიეთ იმას, რის მიღწევაც გვინდოდა. ეს დამატებითი სტიმულია.
ჩვენ ახალი მწვრთნელი გვყავს. გუნდში ყველა მონდომებულია. თანაგუნდელების თვალებში ნაპერწკალს ვხედავ. როდესაც თამაში გინდა, საქმეში მთელს გულს დებ. შემდეგ კი უკვე მწვრთნელი წყვეტს ვინ უნდა გავიდეს მოედანზე. ამწუთას ყველა ნულოვან პოზიციაზეა.
მე ანდონი ირაოლასთან ჯერ არ მილაპარაკია იმის შესახებ, თუ რა პოზიციაზე წარმოვუდგენივარ მას. ადრე თუ გვიან ალბათ მეტყვის. თუ არ მეტყვის და თამაშის დრო რომ მოვა პირდაპირ დამაყენებს იმ ადგილზე, სადაც მას უნდა რომ ვითამაშო.
ყველა მწვრთნელი თავისებურია. ირაოლას მაგალითად ფეხბურთელებთან ლაპარაკი თამაშის მეორე დღეს უყვარს. ჩვენ ასეთ თავისებურებებს შეჩვეულები ვართ“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/08/2026 | 09:45ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 08:48სობოსლაი: ლივერპულში კონფლიქტი არ ყოფილა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!