ბოლო პერიოდში ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს სურდა შეექმნა შვილობილი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წილებს გაყიდიდა, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა და უკან დაიხია. ამით დაპირისპირება თითქოს უნდა ამოწურულიყო, მაგრამ არა: ოპოზიციამ გადაწყვიტა ინფანტინო ფეხბურთს მოაშოროს.
გარდა იმისა, რომ მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოებისთვის თავად პროექტი აღმოჩნდა მიუღებელი, ცნობილი გახდა, რომ კომპანია რომლისთვისაც ინფანტინო მუნდიალის დიდი წილის მიყიდვას აპირებდა გახლდათ JP Morgan and Thrive Eternal, რომლის მეპატრონე დონალდ ტრამპის სიძის ძმაა. ამან ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა.
ინფანტინოს წინააღმდეგ „მსოფლიო აჯანყებას“ უეფა და მისი პრეზიდენტი ალკსანდერ ჩეფერინი ხელმძღვანელობენ. ჩეფერინმა ბევრჯერ დასდო ბრალი ინფანტინოს იმაში, რომ მისი მმართველობა გამჭვირვალე არ არის და პროექტებს სხვებთან არ ათანხმებს. ფიფას მუშაობა დაიწუნეს სხვა ორგანიზაციებმაც: აზიის ფეხბურთის კონფედერაციამ, კონკაკაფმა, FIFPRO EUROPE-მა (ევროპელი ფეხბურთელების პროფკავშირია), ევროპის კლუბთა ასოციაციამ და რამდენიმე ქვეყნის მთავრობამ. უეფამ ოფიციალურად გამოითხოვა ინფანტინოს პროექტთან დაკავშირებული საბუთები, რათა შეისწავლოს და თუ ეს შესაძლებელი გახდება სასამართლოში შეიტანოს სარჩელი. რამდენიმე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ განახადა, რომ ინფანტინოს მხარს აღარ უჭერს ანუ აშკარაა, რომ ოპოზიციის მიზანი მხოლოდ ფიფას პროექტის უკან წაღება არ არის.

12 აგვისტოს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გაიმართება ევროპის სუპერთასი, რომელსაც ალექსანდერ ჩეფერინიც დაესწრება. მანამდე მეზობლად, მიუნხენში უეფას პრეზიდენტი შეხვდება „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის. პსჟ-ს გარდა ალ-ხელაიფი სათავეში უდგას ევროპის კლუბთა ზემოთ უკვე ნახსენებ ორგანიზაციას რომელიც 850 კლუბს აერთიანებს და თუ ის კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის საქმეში ინფანტინოს განუდგება, ფიფას პრეზიდენტი დიდ დარტყმას მიიღებს. ევროპულ კლუბთა ასოციაციის ყრილობა სექტემბერში კოპენჰაგენშია დანიშნული. კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი კი 2029 წელს უნდა გაიმართოს, მაგრამ მასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ბევრი რამ ბუნდოვანია – არც მასპინძელია ცნობილი, არც ეკონომიკური მოდელია ჩამოყალიბებული, 2025 წლის ჩემპიონატიდან მიღებული მოგების არცთუ მცირე ნაწილი კლუბებს ჯერაც არ მიუღიათ…
მაგრამ, კლუბთა ასოციაცია კლუბთა ასოციაციად და ჩეფერინი უკვე ინფანტინოს შემდეგი პერიოდისთვის ემზადება. მას იმედი აქვს, რომ ალ-ხელაიფის ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატობაზე დაიყოლიებს. ჯერჯერობით, როგორც ცნობილია, პსჟ-ს პრეზიდენტი თავს შორს იჭერს და ამბობს, რომ ფიფას პრეზიდენტობა მას არ აინტერესებს, მაგრამ ჩეფერინს იმედი აქვს, რომ ყატარელ ბიზნესმენს საბოლოოდ მაინც დაარწმუნებს და ინფანტინოს ერთიანი ფრონტით შეუტევენ. სულ მცირე, ჩეფერინი და ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში თანამოაზრეები მაინც იქნებიან.
ალ-ხელაიფი სავარაუდოდ უფრო სერიოზული ძალაა, ვიდრე კონკაკაფის პრეზიდენტი ვიქტორ მონტალიანი, რომლის კანდიდატურას ასევე განიხილავენ.
არსებობს ფიფას რეფორმის სერიოზული გეგმაც. ზოგიერთი საფეხბურთო ჩინოვნიკი მისი პრეზიდენტის ძალაუფლების კანონით შეზღუდვას ითხოვს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
მთავარი ამბავი02/08/2026 | 09:19ალეგრი: რა მშვენიერი სიტყვაა ჩემპიონთა ლიგა
