„პარი სენ ჟერმენი’’ ცდილობს ლიგა 1-ის კალენდრით 11 აპრილს დანიშნული შეხვედრა გადაადებინოს. მიზეზი: ის „ლივერპულთან’’ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრებს შორის უწევს. თან შეხვედრა უწევს კონკურენტ „ლანსთან’’, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის. პორტალმა so foot გამოაქვეყნა ჟურნალისტ კვენტინ ბალოს წერილი, რომელშიც ავტორს მოჰყავს ხუთი არგუმენტი, თუ რატომ უნდა ეთქვას უარი პარიზელებს. გთავაზობთ ამ მოსაზრებებს:
…საფრანგეთის ფეხბურთის ლიგამ გასული წლის ივნისში მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა, მომავალი სეზონის კალენდარი ნაადრევად გამოაქვეყნა. შედეგად, მომდევნო საფეხბურთო წლის განრიგი ყველა კლუბმა იმთავითვე იცოდა და შეეძლო სეზონი დაეგეგმა. სხვა სიტყვებით, პსჟ-ს თვეებით ადრე მოეხსენებოდა, რომ აპრილში ლიგა 1-ის მატჩი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრებს შორის მოუწევდა. ევროთასების ფლეი-ოფის მატჩებს შორის ეროვნული ჩემპიონატის თამაშის ჩატარება ევროპაში ათობით კლუბს უხდება და არავინ ჩივის. ასეთია წესი და მას ყველამ პატივი უნდა სცეს.
…არის თუ არა საფრანგეთი დიდი საფეხბურთო ქვეყანა? – კითხულობს წერილის ავტორი. ინგლისს, ესპანეთს, გერმანიას ან იტალიას ევროთასების მატჩების გამო თავიანთი ლიგების შეხვედრები გადააქვთ? არა! მეორე მხრივ ასეთი რამ გააკეთა პორტუგალიამ, თან მხოლოდ „სპორტინგის’’ გამო. „ახლა ჯერი ჩვენზე, ფრანგებზეა. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, სად გვინდა რომ ვიყოთ (დიდი ხუთეულის ქვეყნებთან თუ პორტუგალიასთან)’’, – ამბობს ბალო. ლიგა 1-ის შეხვედრები გვაწუხებს? მათ მეორეხარისხოვნად მივიჩნევთ? მაშინ ძლიერ ჩემპიონატს არ ვიმსახურებთ. რაკი ფეხბურთის ლიგამ გადაწყვიტა, რომ შუა კვირაში მხოლოდ ერთხელ, ოქტომბერში უნდა ეთამაშა, ესე იგი საამისო მიზეზი ჰქონდა – უქმეებზე მეტი მაყურებელი ჰყავს. სამშაბათს და ოთხშაბათს საღამოს 7 საათზე თამაში არ ვარგა.
…წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ დაგეგმა წვეულება, ყველაფერი კვირებით ადრე მოიფიქრა და უცებ ერთი გამაღიზიანებელი სტუმარი ამბობს: „თუ ამ წვეულებას სხვა დროისთვის გადავდებთ, ყველაფერი უკეთ ჩატარდება’’. არა, ბატონებო. ეს ასე არ მუშაობს. ფეხბურთის თამაში ორმხრივი მოძრაობაა სადაც მეტოქეს პატივი უნდა სცე, მითუფრო თუ ის მასპინძელია და შეხვედრას ტიტულისთვის ბრძოლის თვალსაზრისით აქვს მნიშვნელობა. „ლანსის’’ განცხადებაში ამის შესახებ მკაფიოდ იყო ნათქვამი.
…მას მერე რაც პსჟ ყატარელებმა იყიდეს, მან სატრანსფერო ბაზარზე მილიარდი ევრო დახარჯა და შეკრიბა გუნდი, რომელსაც ყველა შეჯიბრებაში ერთდროულად შეუძლია მონაწილეობა.. 2024 წელს კლუბმა 200 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა, 2025 წელს კი 180 მილიონი. და თქვენ ამბობთ, რომ მას გაუჭირდება ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობა თუ უქმეებზე ლიგა 1-ის შეხვედრას ჩაატარებს? სისულელეა. ლუკა შევალიე, სენი მაიულუ, დრო ფერნანდესი, გონსალო რამუში, იბრაჰიმ მბაიე, კანგ-ინ ლი, ლუკა ერნანდესი… გუნდს სათადარიგოთა სკამზე უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი უზის, რომლებსაც „ლანსთან’’ კონკურენცია ნამდვილად შეუძლიათ…
…შეხვედრის ზუსტი დრო 6 მარტს გამოცხადდა, შეხვედრამდე ხუთი კვირით ადრე. ფეხბურთის ლიგის განცხადებით ეს იმიტომ ხდება, რომ გულშემატკივრებმა და ტელეკომპანიებმა ყველაფერი სწორად დაგეგმონ. ეს კარგია საფრანგეთის რკინიგზისთვისაც, რომელიც შესაბამისად ზუსტად გეგმავს ფასდაკლებებს ფანების მგზავრობისთვის. და ახლა ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს? გულშემატკივარს პატივისცემა სჭირდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
