ხვალ ფიფა საუკეთესოს დაასახელებს

Home კატეგორიის გარეშე ხვალ ფიფა საუკეთესოს დაასახელებს
ხვალ ფიფა საუკეთესოს დაასახელებს

ოსმან დემბელემ „ოქროს ბურთის’’ შემდეგ შესაძლოა კიდევ მიიღოს დიდი ინდივიდუალური ჯილდო. ფიფას წლის საუკეთესოთა დაჯილდოება ხვალ, სამშაბათს დოჰაში გაიმართება. გამარჯვებულს თერთმეტი ნომინანტიდან შეარჩევენ. „პარი სენ ჟერმენის’’ თავდამსხმელი შორტ ლისტშია. აქვეა პარიზული კლუბის ყოფილი ვარსკვლავი, ახლა „რეალში’’ საუცხოოდ მოთამაშე კილიან მბაპე. გალა-ვახშამი გაიმართება ჯერ კიდევ შემორჩენილი საკონტინენტთაშორისო თასის წინა საღამოს. მას 800 სტუმარი დაესწრება. რაც შეეხება ფეხბურთს,  საკონტინენტთაშორისო თასზე „პარი სენ ჟერმენი’’ ფლამინგოს შეხვდება.

ხსენებულ სიაში დემბელესა და მბაპეს გარდა არიან აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში და ვიტინია პსჟ-დან, ჰარი კეინი „ბაიერნიდან’’, კოულ პალმერი „ჩელსიდან’’, რაფინია, პედრი და ლამინ იამალი „ბარსელონადან’’ და მოჰამედ სალაჰი „ლივერპულიდან’’.

საუკეთესო მეკარისთვის დანიშნული ჯილდოს მისაღებად შორთ-ლისტში მოხვდნენ ლივერპულელი ალისონი, „რეალის’’ გოლკიპერი ტიბო კურტუა, „მანჩესტერ სიტიში’’ პსჟ-დან გადასული ჯანლუიჯი დონარუმა, „ასტონ ვილას’’ მეკარე ემილიანო მარტინესი, „ბაიერნის’’ კარის მცველი მანუელ ნოიერი, არსენალელი დავიდ რაია, „ინტერის’’ იან ზომერი და „ბარსელონას’’ ვოიცეხ შჩესნი.

რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს, მას ერთმანეთს ეცილებიან მექსიკის ნაკრების თავკაცი ხავიერ აგირე, „არსენალის’’ მწვრთნელი მიკელ არტეტა, პსჟ-ს თავკაცი ლუის ენრიკე, „ბარსელონას’’ შეფი ჰანსი ფლიკი, ჩელსელი ენცო მარესკა, პორტუგალიის ნაკრების თავკაცი რობერტო მარტინესი და „ლივერპულის’’ არნე სლოტი.

დასახელდება წლის სიმბოლური ნაკრები (22 ფეხბურთელი) სადაც თეორიულად შეიძლება მოხვდეს „პარი სენ ჟერმენის’’ ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც  88 კანდიდატიდან ერთ-ერთია. შერჩევა მოხდება 2024 წლის 11 აგვისტოდან 2025 წლის 2 აგვისტომდე ნაჩვენები თამაშის მიხედვით.

დაასახელებენ აგრეთვე საუკეთესო ქალ ფეხბურთელებს, საუკეთესო გოლებს და გულშემატკივრებს. ამ უკანასკნელი ჯილდოსთვის სამი ქომაგი იბრძვის. მათ შორისაა წლეულს გარდაცვლილი ლეგენდარული ესპანელი მედოლე მანოლო კასერესი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.