რა ჰქენი, ბუდუნა, ეს?

Home დავთარი რა ჰქენი, ბუდუნა, ეს?
რა ჰქენი, ბუდუნა, ეს?

საქართველო 2:0 ლუქსემბურგი | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ფინალშიალუქსემბურგი დაამარცხე, ბუდუ? ორი გოლი გაუტანე? აღფრთოვანების ღირსი მონდომებით და ოსტატობით ითამაშე? მანამდე ძელსაც გაარტყი? კიდევ ერთი გოლი არ ჩაგითვალეს? ორთაბრძოლებს იგებდი, მოპოვებულ ბურთს წამოწეულ თანაგუნდელებს ახვედრებდი, რბილ პასებს აყოლებდი ზონაში. ვიცი, რომ გუნდურ სახეობაში ერთი კაცი არ იგებს, მაგრამ ამ დღეს ჩემთვის მთავარი შენ იყავი. უცხოელებმა დაწერეს, კვარაცხელიას არყოფნაში ზივზივაძემ ლიდერობა გასწიაო. ყველა თავისებურად გაქებს და მართლა ბრავო. კარგი იყო. შეხვედრის გმირი იყავი და საბერძნეთთანაც გამარჯვებას ­გისურვებ ­­-­ ხარისხიან თამაშსა და ყისმათს.

ქართულ მედიაში, სოციალურში თუ ძველებურში, თვეების განმავლობაში ისმოდა, თქვენ ეს ლუქსემბურგი ადრინდელი სუსტი გუნდი გუნდი არ გეგონოთ, პროგრესი აქვს და იცოდეთ ხიფათი გველისო. მოწინააღმდეგის უპატივცემულობისგან ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ეს მიდგომა, რომელიც ნელ-ნელა „ვაიმე დედა, ლუქსემბურგი მოდის“-ში გადადიოდა, ძალიან მაღიზინებდა. მეტოქეს ყველა ვარიანტში ბოლომდე, მთელი ძალით უნდა ებრძოლო, გინდ ლუქსემბურგი იყოს და გინდაც ბრაზილია, მაგრამ ბუზის სპილოდ წარმოჩენა ნამდვილად არ არის კარგი საქმე. არიქა, პორტუგალიელები ჰყავსო. ის პორტუგალიელები ვარსკვლავები რომ ყოფილყვნენ, პორტუგალიის ნაკრებში იქნებოდნენ. და ახლა, როდესაც შეხვედრა დასრულდა, 2:0 მოვიგეთ, ფინალში გავედით და მოედანზე მომხდარ ამბებს ჩვენი თვალით ვუყურეთ, გეკითხებით: მართლა ასეთი ძლიერი გუნდი იყო ლუქსემბურგი? ჩემი მოკრძალებული აზრით, თუ იმ წვიმიან საღამოს რაიმე ხიფათში გავყავით თავი, ისევ ჩვენი ბრალი იყო. ამ თემის დაწვრილებით გაშლა და ყველა შეცდომაზე ყურადღების გამახვილება რასაკვირველია შეიძლება, მაგრამ ახლა, ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე სწორი არ იქნება. შეცდომებზე ვილი სანიოლმა იფიქროს, მე კი როგორც ჩემი ქვეყნის ნაკრების ერთი ჩვეულებრივი გულშემატკივარი, ასე ვიტყვი: საქართველო ლუქსემბურგს ადრეც სჯობდა და ახლაც აჯობა! და ვიმეორებ, თუ ამ შეხვედრაში რაიმე შარში მოვყევით, იმის ბრალი კი არ იყო, რომ ლუქსემბურგმა ჩვენზე უკეთესი ფეხბურთი ითამაშა, არამედ იმის ბრალი იყო, რომ ჩვენ „ჩაგვეძინა“.

მათთვის, ვისაც შთაბეჭდილების განსამტკიცებლად სტატისტიკა სჭირდება. საგოლე მომენტების კოეფიციენტი: საქართველო – 1.56; ლუქსემბურგი – 0.19. კარისკენ დარტყმა: საქართველო – 13; ლუქსემბურგი – 5. კარში დარტყმა: საქართველო – 4; ლუქსემბურგი – 1. შეტევები: საქართველო – 113; ლუქსემბურგი – 90. სახიფათო შეტევები: საქართველო – 41; ლუქსემბურგი 17. ჩაკიდება: საქართველო – 6; ლუქსემბურგი – 1.

Image 70ახლა კი რაც შეეხება იმ მონაკვეთს, როდესაც მატჩის ბედი გადაწყდა: რა ვქნა, ძვირფასო ლუქსემბურგელებო, ვიცი, გოლი გაიტანეთ, მაგრამ მანამდე თქვენმა მცველმა ჟორჟ მიქაუტაძე მართლა წააქცია და ეს მართლა ბოლო იმედის ჯარიმა იყო. წამებით ადრე ქართველი თავდამსხმელი სხვა ლუქსემბურგელს მაისურით იჭერდაო? კეთილი, მაშინ იქ უნდა გაგვეჩერებინა თამაში და მიქაუტაძე დაგვეჯარიმებინა… ემოციურად? ემოციურად მართლა საშინელებაა, როდესაც გოლს გაიტან, გაზეიმებენ და მერე გეტყვიან, ეგ თქვენი გოლი გაუქმდაო, მაგრამ ასეთია VAR-ის მახინჯი თვისება.

აი, ტრიბუნიდან ბოთლების სროლა კი რა ოხრობაა, ვერ გავიგე?! დავუშვათ გაიტანა ლუქსემბურგმა გოლი, მერე? ფეხბურთია! სპორტია! შეჯიბრებაა! ჯერ ერთი მეტოქის წარმატებას ღირსეულად უნდა შეხვდე, მაგრამ კარგი, თუ ეს ნათქვამი გაუგებარია, ის მაინც ხომ იცი, რომ დაგსჯიან, დაგაჯარიმებენ, დისკვალიფიკაციას მოგცემენ… გინდა დისკვალიფიკაცია? გაწყობს? შემდეგ თამაშზე დასწრებას სასჯელის მოხდა გირჩევნია? ფეხბურთზე მეტად ბოთლის სროლა გიყვარს? კარგი, რა.

ბოლოს კი არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ საქართველოს ნაკრების კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს! სარეკლამო ლოზუნგივით კი გამომივიდა, მაგრამ იყოს, რა. ბრავო მამარდა! მიდი, გიორგი! მიდით, ბიჭებო! ლუქსემბურგს (როგორც მოსალოდნელი იყო) ვაჯობეთ. ახლა საბერნეთს უნდა შევებრძოლოთ! საბერძნეთის წინააღმდეგ ხვიჩასთან ერთად!

 

ავტორის პროფილი

ილია ბაბუნაშვილი
ილია ბაბუნაშვილი ჩვენი ამქრის ჯონ ლენონია. წარმოიდგინეთ, ჰოროსკოპიც დიადი ინგლისელი მუსიკოსის იდენტური აქვს, თუმც რატომღაც თავად გულზე არ ეხატება, მიედ-მოედებაო. განსაკუთრებით „იმეჯინი“ აღიზიანებს. უპურატესობას რობერტ პლანტსა და როდ სტიუარტს აძლევს. კიდევ, საეჭვოდ ხშირად ახსენებს რუსეთის ხანტი-მანსიისკის ოკრუგის მიყრუებულ სოფელ ხურუმპაულს.