„რომა” „სანდერლენდს” ეთამაშა და რა გასაკვირია რომ მოუგო, 2:0. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა სერია A-ში მე-6 ადგილზე გასულსა და ინგლისის პირველ ლიგაში ანუ პრემიერლიგასა და ჩემპიონშიფს შემდეგ, რანგით მესამე დივიზიონში, მეხუთე ადგილზე გასულ გუნდებს შორის. ამ სეზონისწინა, საკონტროლო მატჩში საყურადღებო რა უნდა მომხდარიყო, „რომას” პორტუგალიელ თავკაც ჟოზე მოურინიუს მისთვის ჩვეული ეპატაჟური საქციელით რომ არ გამოეჩინა თავი. ის მე-40 წუთზე ნებართვის გარეშე შევიდა მოედანზე და მსაჯს „შავი კატების” ფეხბურთელის ლუკ ო’ნიენის გაძევება მოთხოვა.
მოურინიუს მიზეზი რასაკვირველია ჰქონდა. ო’ნიენმა რომაელთა ბრაზილიელი მცველის როჟერ იბანესის წინააღმდეგ იუხეშა. იბანესისთვის ტკივილის დასაამებლად მოედანზე ექიმები შევიდნენ და სწორედ ამ დროს გამოიჩინა თავი „განსაკუთრებულმაც”.
მსაჯმა მოურინიუს არ დაუჯერა და ო’ნიენს ყვითელი ბარათი აკმარა. სხვა საქმეა, რომ ის მეორე გაფრთხილების და ზოგადად შარის თავიდან აცილების მიზნით მისმა მწვრთნელმა ალექს ნეილმა შეცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ „სანდერლენდმა” „რომას” გვარიანი წინააღმდეგობა გაუწია. 75-ე წუთამდე 0:0 იყო. 75-ზე ფელიქს აფენა გიანმა გახსნა ანგარიში, 85-ეზე კი ნიკოლო ძანიოლომ მეორე დაამატა.
„სანდერლენდი” პირველ ლიგაში მეხუთე ადგილზე გასვლის შემდეგ ფლეი-ოფის გზით ჩემპიონშიფში აღზევდა. გუნდის ამოცანა სულ მცირე ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.
„რომას” უფრო მაღალი მიზნები აქვს. ჟოზე მოურინიუს ხელმძღვანელობით „ჯალოროსიმ” გასულ სეზონში ევროპული თასი მოიგო, რაც 61 წელიწადია არ მოხდარა. მართალია, ეს თასი დაბალი ხარისხის, კონფერენციის ლიგისა იყო, მაგრამ რომაული კლუბის ბანაკში დიდი სიხარული გამოიწვია.
„განსაკუთრებულმა” ახალ სეზონში შემადგენლობა გააძლიერა. მან დაიმატა „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ფრანგული „ლილის” ყოფილი მცველები, 33 წლის სერბი ნემანია მატიჩი და 25 წლის თურქი მეჰმეთ ჩელიქი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
