კონტემ ტოტენჰემს წარსული დაუწუნა

Home აქეთურ-იქითური კონტემ ტოტენჰემს წარსული დაუწუნა
კონტემ ტოტენჰემს წარსული დაუწუნა
დელე ალი „ევერტონში” გადავიდა

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავი ვერ შეიკავა და გაოცება გამოთქვა იმის გამო, რაც კლუბმა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე გააკეთა. იტალიელი ამბობს, რომ ახლა უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ წარსულში კლუბს არასწორი პოლიტიკა ჰქონდა.

იჯარის წესით „სფურზი“ დატოვეს ტანგუი ნდომბელემ, ჯოვანი ლო სელსომ და ბრაიან ხილმა, ხოლო დელე ალიმ ეგრეთწოდებული პერმანენტული კონტრაქტი გააფორმა „ევერტონთან“.

კონტემ თქვა: „სამი ფეხბურთელის იჯარით გაშვება და ერთის გაყიდვა ძალიან  უცნაური საქციელი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ წარსულში კლუბმა შეცდომები დაუშვა. ესე იგი, ადრე მეტი ფიქრი იყო საჭირო.

ჩვეულებრივ, ფეხბურთელებს გუნდის გასაძლიერებლად ყიდულობენ, აქ კი ვხედავთ, რომ ბოლო ორ-სამ წელიწადში შეძენილი მოთამაშეები თავიდან მოსაშორებლები გამხდარან“.

შემდეგ კონტეს ჰკითხეს, ელოდა თუ არა, ამდენ მოთამაშეს რომ გაუყიდდნენ. მწვრთნელმა უპასუხა:

„სანამ „ტოტენჰემში“ მოვიდოდი და ფეხბურთელების სიას წავიკითხავდი, ვფიქრობდი, რომ ყველა, ვინც დამხვდებოდა მნიშვნელოვანი იქნებოდა. სხვას რომ თავი დავანებოთ, როგორც ნდომბელეში, ასევე ლო სესლოში დიდძალი ფული იყო გადახდილი. შემდეგ კი მოვხვდით სიტუაციაში, რომელმაც მიგვითითა, თუ რა იქნებოდა ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალი.

ვიმეორებ, ერთ თვეში ოთხი ფეხბურთელის გაშვება ნორმალური არ არის, მაგრამ ასე სდება, როდესაც წარსულში შეცდომებს უშვებ.

როდესაც ახალ ფეხბურთელს ყიდულობ, კარგად უნდა დაფიქრდე, თორემ გუნდს გაძლიერების მაგივრად დაასუსტებ“.

თუმცა, ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ბრაიტონთან“ თამაშის წინ კონტეს მაინც მიაჩნია, რომ ახლა უკვე დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს.

„გუნდი კარგად არის დაკომპლექტებული. ადრე, ერთი მოთამაშე რომ დაშავდებოდა, პრობლემის წინაშე ვდგებოდით, ახლა კი ეს საკითხი ასე თუ ისე, დარეგულირებულია.

ჩვენ შევიძინეთ როდრიგო ბენტაკური და დეიან კულუშევსი, რომელსაც ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში და დაცვის ფლანგზეც“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.