„რეალმა“ ბილბაოში, „სან მამესზე“ ბრძოლით 2:1 მოიგო. ამ გამარჯვებას მადრიდელთათვის დიდი მნიშვნელობა მხოლოდ სატურნირო კი არა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ჰქონდა — რთულ მეტოქესთან გაიმარჯვეს მაშინ, როდესაც კლუბში ბევრს Covid 19 შეეყარა. ამას სასიკეთოდ დაერთო კონკურენტი გუნდების მიერ ქულების კარგვა: „სევილიას“ ფრე „ბარსელონასთან“ წინა დღეს; „ატლეტიკოს“ მარცხი „გრანადასთან“ „რეალის“ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე. ესპანური გაზეთები წერენ, რომ ამიერიდან ლა ლიგის ტიტულს „რეალი“ თავად თუ დაკარგავს, თორემ წამრთმევს არავინ ჰგავს.
ანგარიში მე-4 წუთზე ქარიმ ბენზემამ ულამაზესი დარტყმით გახსნა — ეს გოლი სეზონის ულამაზეს გოლთა შორთ-ლისტში უთუოდ მოხვდება. სამი წუთის შემდეგ ფრანგმა მეორეც შეაგდო. ამ ეპიზოდში საგოლე პასი ედენ აზარმა შეასრულა. გზად ბურთი მსუბუქად შეეხო „ბილბაოს“.
შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ „რეალი“ შეხვედრას დიდი უპირატესობით გააგრძელებდა და იოლ გამარჯვებამდე მიიყვანდა, მაგრამ მასპინძლებმა მე-9 წუთზე სხვაობა შეამცირეს — ეს ოიან სანკეტმა გააკეთა. თუმცა, საბოლოოდ ბენზემას ორი გოლი მადრიდელებს გამარჯვებისთვის ეყოთ.
მატჩის შემდეგ „თეთრების“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ თქვა: „ეს მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შემადგენლობამ, რომელსაც ერთად კარგა ხანია არ უთამაშია, სრულყოფილი ფეხბურთი გვაჩვენა. ვგულისხმობ ნაჩოს, ფედე ვალვერდეს, ედუარდო კამავინგას… მათ მთელი გულით და ჩინებულად ითამაშეს. დღეს ჩვენ ფანტასტიკურ სტადიონზე მოვუგეთ დიდ გუნდს და სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
