ბარსამ ვერ მოიგო, მაგრამ კარგი იყო

Home სიახლეები ბარსამ ვერ მოიგო, მაგრამ კარგი იყო
ბარსამ ვერ მოიგო, მაგრამ კარგი იყო

ერთი მხრივ, „ბარსელონამ“ კვლავ უხეიროდ ითამაშა — ვერ მოუგო კაცნაკლულ მეტოქეს და ორი ქულა დაკარგა, მეორე მხრივ კი კატალონიურ პრესაში სტუმრად, „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიასთან“ 1:1-ს ჩავის მორიგ წარმატებად უთვლიან.

ეს იყო შეხვედრა, რომელშიც „ბარსამ“ ძლიერ მეტოქეს არაფერი დაუთმო. სტუმართა გუნდს მიმდინარე სეზონში თამაშის ასეთი ხარისხიც სანატრელად ჰქონდა ქცეული. ჩავის ბიჭებს საკუთარი ძალების რწმენა ეტყობოდათ. ვერც ბურთაობას დაუწუნებდი.

„ბლაუგრანამ“ იმავე შემადგენლობით ითამაშა, რომლითაც გასულ უქმეებზე „ელჩეს“ მოუგო. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ კლემენტ ლენგლეს ნაცვლად თავის პოზიციას ჟერარდ პიკე დაუბრუნდა.

ანგარიში „სევილიამ“ გახსნა. კუთხური იყო. პაუ გომესმა გონივრულად მოიცილა ეზ აბდე და შორეულ კუთხეში დაბლა შეაგდო.

„ბარსელონას“ ნირი არ წახდენია. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე ოსმან დემბელეს მოწოდებულ კუთხურს რონალდ არაუხომ მძლავრი და შედეგიანი თავური დასცხო.

მეორე ტაიმი გუნდებმა უფრო ნელა დაიწყეს. ეს შესაძლოა, დაღლილობის ბრალიც იყო, მაგრამ ამ თამაშს სიმშვიდე არ ეწერა: ჯორდი ალბამ ჟიულ კუნდეს მუჯლუგუნი ჰკრა, გაფიცხებულმა კუნდემ პასუხად თავში ბურთი ესროლა, წითელი ბარათით დაისაჯა და მოედანი დატოვა.

ამის შემდეგ ინიციატივა „ბარსელონასი“ იყო, „სევილია“ კი გაღიზიანებული ჩანდა.

დემბელემ ძელს გაარტყა ბურთი.