ჯოს ცუდი არაფერი ჩაუდენია

Home კატეგორიის გარეშე ჯოს ცუდი არაფერი ჩაუდენია
ჯოს ცუდი არაფერი ჩაუდენია

ინგლისის ნაკრებმა მონტენეგროს 7:0 მოუგო, მაგრამ ვინაიდან ასეთი გამარჯვების აღწერა მკითხველისთვის საინტერესო არ უნდა იყოს, იმას გეტყვით, რომ რაჰიმ სტერლინგს გულშემატკივრისთვის საყვედურის თქმა და ჯო გომესის მათგან დაცვა მოუხდა.

საქმე ის არის, რომ 70-ე წუთზე, როდესაც გომესი შეცვლაზე შევიდა, „უემბლიზე” შეკრებილმა მაყურებელმა მას ობსტრუქცია მოუწყო. გასაგებია, რომ ეს სტერლინგისა და გომესის კონფლიქტის გაგრძელებაა, კონფლიქტი კი კვირა დღეს, „ენფილდზე”, „ლივერპულისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრაში დაიწყო. ის თამაში მერსისაიდელებმა 3:1 მოიგეს, ოღონდ სტუმრებს პრეტენზია ჰქონდათ, რომ მსაჯმა მათ სასარგებლოდ ორი პენალტი არ დანიშნა. შეხვედრა ნერვიულად მიმდინარეობდა. მანჩესტერელი სტერლინგი და ლივერპულელი გომესი მოედანზევე წაეკიდნენ ერთმანეთს, ხოლო ორშაბათს, როდესაც ისინი ნაკრების ბანაკში სასადილოში შეხვდნენ ერთმანეთს, ჩხუბი მოუვიდათ, რაც გომესს დაზიანებულ სახედ და კისრად დაუჯდა, სტერლინგს კი მონტენეგროსთან შეხვედრიდან ჩამოშორებად.

ინგლისელთა მიერ ცრნა გორას გადათელვის შემდეგ სტერლინგმა „ტვიტერში” დაპოსტა: „ყველა ინგლისელ გულშემატკივარს! მინდოდა ამ თემას მეტად აღარ შევხებოდი, მაგრამ დღეს საღამოს იძულებული გავხდი კვლავ გამოვხმაურებოდი. ძნელი სანახავი იყო, როგორ უსტვენდნენ ჩემ გამო ჩემს თანაგუნდელს.

ჯოს ცუდი არაფერი გაუკეთებია. იმ ადამიანის სტვენა, რომელიც რთული კვირის შემდეგ მაინც თავჩახრილი შრომობს და მოედანზე თავისი მოვალეობის შესასრულებლად  შედის, სწორი არ არის.

ყველაფერზე, სრულ პასუხისმგებლობას მე ვიღებ.

ვალდებული ვიყავი ეს სიტყვები მეთქვა, რათა შინ ყველა უსაფრთხოდ და მშვიდად დაბრუნდეს”.

ინგლისის ნაკრების თავკაცმა გარეთ საუთგეიტმა კი პრეს-კონფერენციაზე ასე გამოხატა თავისი დამოკიდებულება: „ხალხის ასეთი ქცევა არ მესმის. მიმაჩნია, რომ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელს არავინ უნდა უსტვენდეს. ადრეც ვთქვი, რომ ჯოს არაფერი დაუშავებია. მას და რაჰიმს ახლო ურთიერთობა აქვთ. ჩვენს გუნდში ყველა მეგობრობს და არ მინდა ვნახო, ჩემი ფეხბურთელებიდან ვინმეს ასე რომ ექცეოდნენ”.

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.