საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
  • აბა, უყურე, აბა, უყურე… რა ხდება? ეს ქვეყანა ჩალით გადაუხურავთ.
  • ლარზე ამბობ?
  • არა, „იუვენტუსზე“.
  • ეგ თითქმის ერთი და იგივეა.
  • რატომ?
  • ორივე დაეცა. ორივე ნიჩიაშია.
  • არა, ლარი უფრო წამხდარია.
  • ეგ ვისთვის როგორ.
  • როგორ და როგორ. „იუვენტუსს“ ჯერ კიდევ შერჩენია შანსი, ლარს კი არანაირი შანსი არა აქვს.
  • ეგრე, „ბარსელონა“ უფრო დაცემულია, ვიდრე ლარი.
  • შეუძლებელია.
  • შეუძლებელი სულაც არ არის. მე გეტყვი რაც არის შეუძლებელი.
  • რა?
  • შეუძლებელია, ჩვენთან თუნდაც ერთლარიანისხელა „იუვენტუსი“ არსებობდეს.
  • გეთანხმები, მაგრამ სულ არაფერს მაინც ასე სჯობს.
  • შენ წარმოიდგინე, ლარზე საზოგადო მოღვაწეები კი არა, ფეხბურთელები რომ ეხატოს.
  • ოღონდ, დღევანდელი ფეხბურთელები.
  • გაუფასურება მაშინ გენახა.
  • საერთოდ აღარ გვექნებოდა ფეხბურთი.
  • თუ ფული?
  • ფული თავისთავად.
  • ერთი რამე მოვიფიქრე, რონალდოს უნდა დავურეკო.
  • რატომ?
  • გრანტი გამოგვიყოს.
  • რა უნდა გამოგვიყოს?
  • გრანტი.
  • გრანტს როგორ გამოგვიყოფს, გრანტი ხომ მოკვდა?
  • გაზასავით ლაპარაკობ.
  • კაპიტან გრანტზე გეუბნები.
  • არა, კაცო. გრანტი ფულის ჩუქებას ნიშნავს. რონალდოს შეუძლია ჩვენი გადარჩენა.
  • კიდევ ვის შეუძლია?
  • ყველას, ვისაც არ დაეზარება, დაჟე „მანჩესტერ სიტის“.
  • ეგ რომელია?
  • ეგ ის არის.
  • ა, ის?
  • ჰო, ის. რომ დაგვაქცია.
  • აბა, ეგ რას გადაგვარჩენს?
  • მისმინე, „გალათასარაი“ რომ ჩამოვიყვანოთ?
  • რად გვინდა?
  • წითელ-ყვითელია. ფერადს მაინც შევხედავთ რამეს.
  • მოიცა, შენ შავ-თეთრი ტელევიზორი გაქვს?
  • არა, მაგრამ ბოლო დროს ყველა ფეხბურთი შავ-თეთრად ჩანს.
  • გაფუჭებული ყოფილა.
  • არა, მგონი ფეხბურთია გაფუჭებული.
  • შენ, ეტყობა, „იუვენტუსის“ თამაშს უყურე და იმიტომ გეგონა შავ-თეთრი.
  • არა, ნაღდად შავ-თეთრი იყო, „ნიუკასლზე“ შავ-თეთრი.
  • ესე იგი, ძველი ფეხბურთი ყოფილა.
  • კი, იქნებოდა ბრეჟნევის ხნის.
  • ის მომეწონა, გამოგვიყოფენო. ისევ გამოყოფაზე მითხარი.
  • რა გითხრა?
  • კიდევ ვინ გამოგვიყოფს?
  • ვისაც არ დაეზარება.
  • და გაზა?
  • რა გაზა?
  • გაზა არაფერს გამოგვიყოფს?
  • გაზას ენის გამოყოფა უყვარს.
  • მერე გამოგვიყოს. ეგეც საქმეა.
  • არ იცის სად ვართ და როგორ გამოგვიყოს?

05.12.1998