საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

Home საჭირბოროტო კითხვა-პასუხი საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
  • მოდი რა, ფეხბურთში გამარკვიე.
  • რა გაინტერესებს?
  • მწვრთნელობა მინდა და ყველაფერი უნდა ვიცოდე.
  • რატომ მოგინდა მწვრთნელობა?
  • ტელევიზორში რომ ვხედავ, მომწონს. სხედან, ეწევიან… დაფიქრებული ხალხი ჩანს.
  • მწვრთნელობა ძნელია.
  • ამიტომაც მოგაკითხე, მათემატიკაზე ძნელი ხომ არ არის?
  • გააჩნია ვისი მწვრთნელი ხარ.
  • განა ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს?
  • მთავარი სწორედ ეგ არის, „შალკე“ მწვრთნელი თუ ხარ, ერთია, „ინტერისა“ კიდევ სხვა.
  • მე „ინტერის“ მწვრთნელობა უფრო მინდა.
  • ოო, ეგ არ არის იოლი საქმე.
  • „შალკეს“ მწვრთნელობა უფრო ადვილია?
  • არა, ეგ ბევრად უფრო ძნელია.
  • ჰოდა, „ინტერი“ მირჩევნია.
  • კი გირჩევნია, მაგრამ ძნელია-მეთქი, გეუბნები.
  • ახლა არ თქვი, ადვილიაო?
  • ადვილი იმიტომაა, რომ ვისაც გინდა, იმას იყიდი, ძნელი კი მიიტომაა, რომ ვისაც იყიდი, იმას ვერაფერს გაუგებ. თანაც, ყოველდღე დაგამადლებენ. აი, რონალდო ვუყიდეთ და ვერ მოიგოო.
  • და რატომ ვერ უნდა მოიგო, თუ რონალდო გიყიდეს?
  • იმიტომ, რომ „ინტერის“ მწვრთნელი ხარ.
  • ვერაფერი გავიგე, ხომ იგებს „ინტერი“?
  • ხო, მაგრამ, ასეთი მოგება არ გვინდაო.
  • აბა, როგორი?
  • სალაპარაკო რომ არ იყოსო.
  • მართლა ძნელი ყოფილა.
  • ძნელია, აბა რა? თან თუ მწვრთნელიც დიდი ვერაფერიშვილი ხარ.
  • თუ ვერაფერიშვილი მწვრთნელი ხარ, „ინტერში“ როგორ დაგნიშნეს?
  • მწვრთნელობის არაფერი გაგეგება და ახლა არ ამბობდი, „ინტერი“ მინდაო?
  • მაშინ „შალკეს“ ჩავიბარებ. მითხარი, რა გავაკეთო?
  • დღეს მწვრთნელობაში მთავარი ფეხბურთელების ყიდვაა.
  • და „შალკეს“ აქვს იმდენი ფული, რომ ზიდანი მიყიდოს?
  • რად გინდა ზიდანი? შენ ხომ „შალკეს“ მწვრთნელი ხარ?
  • მერე, ჩემპიონობა ხომ უნდა მოვიგო?
  • ზიდანი არ გჭირდება, ვინმე პატარა ბიჭი უნდა იპოვო სკოლის ეზოში.
  • ეგ უფრო ძნელი გამოდის.
  • აბა, იოლი ფეხბურთის ტელევიზორში ყურებაა.
  • მაინც ყიდვა მირჩევნია. რაიციგერი ვიყიდო?
  • რაიციგერს თუ იყიდი, კოკუც უნდა იყიდო.
  • რატომ?
  • წესია ეგეთი.
  • კარგი, ორივეს ვიყიდი.
  • ორივე არ გეყოფა. ამათ ზენდენი უნდა დაამატო.
  • ზენდენი ვინაა?
  • ზენდენს კლუივერტი უნდა მიახმარო. ერთ სეზონში კი დე ბურები უნდა დაუმატო.
  • რატომ? რატომ?
  • წესია ეგეთი. ან თუ პეტის იყიდი, იქ ანელკა, გრიმანდი და ეგეთებიც უნდა მიაყოლო.
  • ამდენს ვინ მიყიდის?
  • არის სამი-ოთხი ბიძა.
  • და გაზა?
  • რა გაზა?
  • გაზა რომ ვიყიდო?
  • გაზა კი არ უნდა იყიდო, უნდა გაყიდო.
  • გაზა გავყიდო და კოკუ ვიყიდო?
  • ეგეთია მწვრთნელობა.
  • ვერ ყოფილა კაი საქმე?
  • ძნელია, ქართველობა.

28.11.1998