ინგლისის ნაკრები არგენტინას 85-ე წუთამდე უგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში ორი გოლი გაუშვა.
ანგარიში 55-ე წუთზე ენტონი გორდონმა გახსნა, ოღონდ დამთავრდა თუ არა მეორე ტაიმის „წყლის შესვენება“ ინგლისელთა მწვრთნელმა თომას ტუხელმა მის ნაცვლად მოედანზე „ასტონ ვილას“ ცენტრალური მცველი ეზრი კონსა შეიყვანა. შემდეგ გერმანელმა ასეთი ცვლილებებს მიმართა: დენ ბერნი და ნიკო ო’რეილი დაშავებული რის ჯეიმსისა და დეკლან რაისის ნაცვლად, რის შემყურე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანმა უეინ რუნიმ თქვა:
„ჩვენ შესაშურ მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ ვერ მივხვდით რა უნდა გვექნა. დაცვაში ჩავსხედით, მოწინააღმდეგეს შეტევის შესაძლებლობა მივეცით. შესაბამისად არგენტინამ ზეწოლა მოგვიწყო, რომელსაც ვერ გავუძელით. როგორც კი მეტოქემ პირველი გოლი გაიტანა, ცხადი გახდა, რომ მას აუცილებლად მოყვებოდა მეორეც. როცა მწვერვალზე ხარ, მწვერვალზე უნდა დარჩე. ჩვენ 1:0-ს ვიგებდით და თავდაცვაზე გადავედით. უკანა ხაზში ხუთი თუ ექვსი კაცი გავამწკრივეთ. არადა, თუ მესისა და არგენტინას შეტევის შესაძლებლობას მისცემ, აუცილებლად დაგსჯის“.
ასეც მოხდა. ენცო ფერნანდესმა 85-ე წუთზე შესანიშნავი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, ხოლო ლაუტარო მარტინესმა 92-ე წუთზე თავით გადამწყვეტი გოლი შეაგდო.
96-ე წუთზე აივან ტონისა და მარკუს რაშფორდის შეყვანამ ტუხელს აღარაფერი მისცა.

ისევ რუნი: „ხალხმა ამერიკაში ჩასასვლელად დიდძალი ფული გადაიხადა. ამიტომ, ამ თამაშისგან მეტს ველოდი. არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონია, რაც ჩვენ კარგად ვიცოდით. ტუხელის შეცვლებმა კარგი ვერაფერი მოგვიტანა. საშინლად იმედგაცრუებული ვარ. ისე, ასეთი შეჯიბრების მოგებას ხანდახან იღბალიც სჭირდება“.
ტუხელის გადაწყვეტილებებით ვეტერანები ჯო ჰარტი და მაიკა რიჩარდსიც უკმაყოფილონი დარჩნენ.
39 წლის ყოფილმა მეკარემ ჰარტმა თქვა: „გახსოვთ რამდენი აკრიტიკეს გარეთ საუთგეიტი მნიშვნელოვან შეხვედრებში ანგარიშის გახსნის შემდეგ დაცვაში ჩაჯდომის გამო? გამოჩნდა, რომ არაფერი შეცვლილა. მართალია თომას ტუხელს ქება არ მოვაკელით და სიახლეები მოვუწონეთ, მაგრამ დღეს მან ფაქტიურად გამოაცხადა, რომ ინგლისის ნაკრებს არ ენდობა და არ სწამს, რომ მის გუნდს არგენტინისთვის მეტი დარტყმის მიყენება შეეძლო“.
38 წლის რიჩარდსი: „დღეს ყველამ დავინახეთ, რომ თომას ტუხელმა ტაქტიკური შეცდომები დაუსვა. როდესაც ხუთ მცველზე გადავეწყეთ, მეგონა ინიციატივას მაინც შევინარჩუნებდით და ჩვენს ფლანგის მოთამაშეებს დავტვირთავდით. რატომ არ მოხდა ასე? პასუხის გარეშე დავრჩით“.
ვეტერანი თავდამსხმელი ალან შირერი: „თომასმა თავისი კოზირები ძალიან, ძალიან, ძალიან ადრე დახარჯა. მას იმედი ჰქონდა, რომ ინგლისის ნაკრები ანგარიშს შეინარჩუნებდა. ჩვენ მას ასეთი გადაწყვეტილების გამო წინა ორი თამაშის მერე ვაქებდით, მაგრამ გუნდი იმ შეხვედრებშიც დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. ახლა ასე ვსვამთ კითხვას: სხვა რამის მოფიქრება ხომ არ შეიძლებოდა. იქნებ სივრცეების დატოვება და სისწრაფის ჩართვა იყო საჭირო? ვფიქრობ, ტუხელს სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან როდესაც ფეხბურთელები ბურთს იხელთებდნენ, ძალა აღარ მოსდევდათ. არგენტინამ ისინი ფიზიკურად და მორალურად დაქანცა“.
2001 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მაიკლ ოუენი: „ხომ ნახეთ, როგორ ითამაშა ესპანეთმა საფრანგეთმა როდესაც 1:0-ს იგებდა? შეადარეთ ინგლისის ნაკრებს. არადა, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ არგენტინაზე უკეთესი გუნდი გვყავს. ამის მიუხედავად, სამართლიანად წავაგეთ. სანამ არ მივხვდებით, რომ ბურთის კონტროლია მთავარი და არა 50 მეტრით უკან გაქცევა და დამალვა, მანამდე ასეთი შედეგები გვექნება“.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/07/2026 | 09:25ინგლისელი ვეტერანები ტუხელის წინააღმდეგ
მთავარი ამბავი16/07/2026 | 07:53მესი ფინალშია!
მთავარი ამბავი15/07/2026 | 10:32ლუის დე ლა ფუნტე: ფინალიც სიამოვნებისთვის არსებობს
სიახლეები15/07/2026 | 08:52დეშამი: მარცხი უპირველეს ყოვლისა ჩვენი ბრალია და მხოლოდ შემდეგ მეტოქის
