საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში კილიან მბაპესა და ოსმან დემბელეს გოლებით მაროკოს მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს და ბელგიას შორის გამარჯვებულს ელის. მატჩის შემდეგ ფრანგთა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
– ნახევარფინალში გასვლამ შვება მოგგვარათ?
– ვამაყობ. ამ შეხვედრაში პენალტი ვერ გავიტანეთ, მაგრამ ფეხბურთელებს, მათ შორის კილიანს (მბაპეს) გამარჯვებაში წამით არ შეჰპარვიათ ეჭვი. მეტოქე დარბოდა, იღლებოდა, მაგრამ ჩვენს კართან მომენტებს ვერ ქმნიდა. ჩვენ მათ ვაწვებოდით. ვცდილობდით მიგვეხრჩო. მიზნად ამ მაისურით გამარჯვება დავისახეთ და გამარჯვება ეძღვნება ყველას – ბავშვებს, ქალებს, ბებიებს, პაპებს – ვისაც საფრანგეთის ნაკრები უყვარს და მისი გამარჯვების ნახვა სურს.
– ზედიზედ მესამე მუნდიალია ნახევარფინალში გადიხართ. საფრანგეთის ნაკრებისთვის ეს არის მეხუთე ნახევარფინალი მსოფლიოს შვიდ ჩემპიონატში. დიდიე დეშამის რეცეპტს ხომ არ გაგვანდობდით?
– არ ვიცი. კარგი ფეხბურთელები მყავს და მთელი რეცეპტიც ეს არის. ასეთი ფეხბურთელების ხელში ვერაფერს გავაფუჭებდი. ძალიან მნიშვნელოვანია ზაირ-ემერის მსგავსი სათადარიგოების ყოლა. ის დიდებულად ჩაერთო თამაშში. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში თამაშობენ. გვყავს მოთამაშეები, რომლებიც შედარებით ნაკლებს თამაშობენ ან რომლებიც სულ არ თამაშობენ. ამ ბიჭებთან ყოფნა ჩემთვის ადამიანურად ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, როდესაც ვუყურებ, თუ როგორი სიამოვნებით უდგებიან ისინი საქმეს.

– რა განსხვავებაა ბოლო სამი ჩემპიონატის სამ ნახევარფინალს შორის?
– გამოცდილება. მე მათ ცხოვრების სტილისა და გარემოს მიხედვით ვერ დავყოფ. ამ ორი კომპონენტის გამეორება შეიძლება, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცები, რომელთაც ვერ გაიმეორებ. გარდა ამისა, ძალიან მეხმარება ჩემი სტაფი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელების და პერსონალის სწორად შერჩევას. ყველაფერზე მაღლა საფრანგეთის ნაკრების მაისური დგას. სასიხარულოა, როდესაც ვხედავ, რომ ფეხბურთელები ამ მაისურს თავდადებით ემსახურებიან.
– მსოფლიოს ჩემპიონობა მკაფიო და ერთადერთი მიზანია? თქვენ უკვე მეტოქეებს შიშის ზარს სცემთ. ამის მიღწევა დამატებითი წარმატებაა?
– ჩვენ ნახევარფინალში ვართ. მორიგი მეტოქე დავამარცხეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი შესაძლებლობებით მოწინააღმდეგეებზე ზემოქმედებას ვახდენთ. ჩვენი ძალა მათთვის საშიშია. ჩვენი თავდამსხმელები როდესაც საჭიროა მაღალ პრესინგს თამაშობენ. ამის გამო ისინი შორს აღარ ჩამორბიან.
– ერლინგ ჰოლანდმა თქვა, რომ პენალტის დანიშვნიდან დარტყმამდე ძალიან დიდი დრო გადის. რას ფიქრობთ?
– ვეთანხმები. დამრჩა შთაბეჭილება, რომ VAR რომელიღაც სხვა მომენტს განიხილავდა. კილიანი პენალტის დასარტყმელად მზად იყო. მბაპეს მეკარებ აუღო და ამის გამო მე მის გამართლებას არ ვცდილობ. ჩვენ რასაკვირველია ყველანაირ ვითარებას უნდა შევეგუოთ, მაგრამ დროის გაჭიანურებას ადამიანზე ზემოქმედება შეუძლია.
– თავს უკვე ფინალში ხედავთ ?
– საკუთარი თავის წინ გაქცევა არ არის საჭირო. ფინალამდე კიდევ ერთი ნაბიჯია და ამ ნაბიჯის გადადგმა მეტად ძნელი იქნება. ეს მსოფლიოს ჩემპიონატია!
– რაც ფლეი-ოფი დაიწყო, გოლი არ გაგიშვიათ. ეს დიდი მიღწევაა?
– ეს გვაჩვენებს, რომ გამარჯვება შესაძლებელია. როდესაც ბურთს ფლობ, პრობლემებს ქმნი. როდესაც ბურთს კარგავ, წინ ოთხი ფეხბურთელი არ უნდა დარჩეს. ერთი კიდევ შეიძლება, მაგრამ ორი უკვე მეტისმეტია. ჩვენს გუნდში ყველა თავდაუზოგავად იბრძვის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/07/2026 | 10:53დეშამი: ასეთი ფეხბურთელებით მე ვერაფერს გავაფუჭებდი
მთავარი ამბავი10/07/2026 | 09:38პარიზიენი: მათი გამჩერებელი არავინაა
სიახლეები09/07/2026 | 08:24რაო? საფრანგეთში გადადისო?
აქეთურ-იქითური09/07/2026 | 07:34ევროპა და მეოთხედფინალები
