მსოფლიო ჯერ მათ ფერხთ თუ არა, ერთი ხელის გაწვდენაზეა. მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლით „ლურჯებმა“ მესამე ტიტულზე მეოცნებეთა იმედები გააერთიანეს. მართალია, ფრანგ ფეხბურთელებს თავიანთი კარიერის ორი ყველაზე დიდი შეხვედრა ჯერ კიდევ მოსაგები აქვთ, მაგრამ რაკი მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე დგანან, ესე იგი სწორად მიდიან.
ამ ამომავალ მზეს, ამ რევოლუციას, ტრანსცენდენტულ შუქს რომელიც დედამიწას დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ უვლის, შემდეგ ეტაპზე ბელგია ან ესპანეთი აღუდგება წინ. კაპიტან ამერიკას, მბაპეს და დანარჩენ სუპერგმირებს შემდეგი გაჩერება 14 ივნისს დალასში აქვთ. ატმოსფერო ისეთია, რომ ზეიმსა და ფოიერვერკს უნდა ველოდოთ.
იმისთვის, რომ მოახლოებულ ორ მარადისობას – ბოლო შვიდ ჩემპიონატში მეხუთე ნახევარფინალს – პირისპირ შეხვედროდნენ, ამ საქმესთან გაშინაურებულმა დიდიე დეშამმა და მისმა ფეხბურთელებმა მაროკო დაამარცხეს. თავიდან მეტოქე წინააღმდეგობას წევდა, შემდეგ გათამამდა და უფრო შემტევ თამაშზე გადავიდა, მაგრამ დაახლოებით მე-60 წუთიდან საფრანგეთის ნაკრებმა თავისი მთავარი თვისებები – დემოკრატიული ურთიერთგაგება, მეგობრობა და განსაკუთრებით კილიან მბაპესა და ოსმან დემბელეს პარტნიორობა – ჩართო და გაიმარჯვა. თუმცა, დედამიწაზე ალბათ მაინც არსებობს სულ მცირე ერთი სენატორი (იგულისხმება პარაგვაელი სენატორი სელესტე ამარილია. მან ბოლო დღეებში მბაპეს წინააღმდეგ თავისი აგრესიული და რასისტული კომენტარებით გაითქვა სახელი), რომელიც საკუთარი სიბრიყვით გამოწვეულ სიცარიელეში ცხოვრობს და მსოფლიოსთან გახსნილობა არ მოსწონს.

სიგანე სიგრძის წინააღმდეგ: საფრანგეთისა და მაროკოს შეხვედრა კარგა ხნის განმავლობაში წარმოადგენდა გეომეტრიულ დაპირისპირებას, როდესაც „ლურჯები“ სწრაფი შეტევებით ცდილობდნენ მეტოქის კართან ხიფათის შექმნას, „ატლასის ლომები“ კი მარცხენა კიდიდან მარჯვენა კიდემდე მისასვლელებს კეტავდნენ. ამ სტილის თამაში კილიან მბაპესთვის შესაძლებლობებს ქმნიდა. მაიკლ ოლისემ ერთი ასეთი შესაძლებლობა კონტრშეტევის დროს მოძებნა, რასაც შედეგად პენალტი მოჰყვა. დარღვევა იმდენად აშკარა იყო, რომ ციდანაც კი კარგად ჩანდა, მაგრამ VAR-ს მისი დადასტურებისთვის რატომღაც სამი წუთი დასჭირდა. ამ ლოდინის პერიოდში საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა კონცენტრაცია დაკარგა. მისი დარტყმა გამოვიდა სუსტი და ჩინებულად მოთამაშე მეკარე იასინ ბონოსთვის იოლად ასაღები. „ალ ჰილალის“ კარის მცველმა ფრანგები კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გააწბილა: აუღო მბაპეს, დაიო უპამეკანოს და დეზირე დუეს. მას მოედანს გადაღმა მდგომი კოლეგისგან განსხვავებით კარში ცამეტჯერ დაურტყეს. მაიკ მენიოს ერთხელ. საბოლოოდ, პირველი ტაიმის შემდეგ გამოტანილი დასკვნა ასეთი იყო: „ლურჯები“ აფრიკის თასის ბოლო გათამაშების ფინალისტს სჯობდნენ.
ამის მიუხედავად, აშრაფ ჰაკიმი და მისი თანაგუნდელები შესვენების შემდეგ უფრო დაჟინებულები გახდნენ და შეტევაც სცადეს. ისინი საფრანგეთის ნაკრების დაცვის ბურჯის უპამეკანოს ზონას ემუქრებოდნენ. ამ არცთუ ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში „ლურჯების“ ათმა ნომერმა ადრიან რაბიოსა და დეზირე დუეს მიერ შეზღუდულ სივრცეში შესრულებული რთული პასების წყალობით ტიერი ანრის სტილში ჩახვეული დარტყმა შეასრულა. ბონო ამჯერად ბურთს ვერ მიწვდა.
შემდეგ ჩვენ მოგვიწია დაცდა, სანამ ვნებათაღელვა პიკს მიაღწევდა, სანამ მბაპე შეასრულებდა გარღვევას და დემბელე ბედნიერების კარს გახსნიდა – მეორე გოლს გაიტანდა. ექვსწუთიან მონაკვეთში „ლურჯებმა“ ძალიან ფრთხილი მაროკოელების წინააღმდეგობა გატეხეს. მოწინააღმდეგეს კი მეტისმეტად აკლდა ტექნიკური სრულყოფილება. დარჩა შთაბეჭდილება, რომ მაროკოს ნაკრები 2022 წელს უფრო ძლიერი იყო. აი, „ლურჯებს“ კი თითქოს 2026 წელს უფრო შეუძლიათ მეტოქეების დაჯაბნა. მათი მოთმინება, კონტროლი, კაპიტანი, პსჟ-ს შეტევა – ყველაფერი მსოფლიოს მომავალი ჩემპიონის პროფილს გვიხატავს, თუმცა რა მოხდება, ამას ათ დღეში ვნახავთ. მანამდე საფრანგეთის ნაკრები ცეკვას გააგრძელებს.
დომინიკ სევერაკი, პარიზიენი
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/07/2026 | 10:53დეშამი: ასეთი ფეხბურთელებით მე ვერაფერს გავაფუჭებდი
მთავარი ამბავი10/07/2026 | 09:38პარიზიენი: მათი გამჩერებელი არავინაა
სიახლეები09/07/2026 | 08:24რაო? საფრანგეთში გადადისო?
აქეთურ-იქითური09/07/2026 | 07:34ევროპა და მეოთხედფინალები
