ინგლისს წყლის შესვენებამ მოაგებინა?

ინგლისს წყლის შესვენებამ მოაგებინა?

როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ინგლისსა და კონგოს შორის პირველი „წყლის შესვენება“ გამოცხადდა, ხალხმა სტვენა დაიწყო. უკმაყოფილების მიზეზი ნაწილობრივ გულშემატკივრის მიერ მოძულებული „წყლის შესვენება“ გახლდათ, ნაწილობრივ კი ინგლისის ნაკრების უკბილო თამაში. მეორე მხრივ BBC-ს გაუჩნდა ლოგიკური კითხვა: საფეხბურთო ტაიმების მეოთხედებად დაყოფამ ინგლისელებს ხომ არ უშველა?

თომას ტუხელის გუნდი საშინლად თამაშობდა და მე-7 წუთზე გოლი გაუშვა. პირველმა „წყლის შესვენებამ“ ინგლისელთა გერმანელ მწვრთნელს ფეხბურთელებთან გასაუბრების შესაძლებლობა მისცა – წუთშესვენება გამოუვიდა.

და რა მოხდა მეორე „წყლის შესვენების“ შემდეგ? ჰარი კეინმა ორი გოლი გაიტანა, რომელთა წყალობითაც ინგლისმა კონგოს 2:1 მოუგო.

„ზოგადად „წყლის შესვენებები“ არ მომწონს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ ინგლისის ნაკრებს სულზე მოუსწრეს. მანამდე ერთი ინგლისელიც კი ვერ თამაშობდა კარგად. თამაში მიმდინარეობდა ნელა, გუნდი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა და ისჯებოდა. მდგომარეობა სასწრაფოდ იყო გამოსასწორებელი“, – თქვა გადაცემა Match of the Day-ში ვეტერანმა ფორვარდმა ალან შირერმა.

სტატისტიკა ამბობს, რომ პირველ „წყლის შესვენებამდე“ ინგლისელებს კარისკენ საერთოდ არ ჰქონდათ დარტყმული და მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთს საერთოდ არ შეხებოდნენ. „წყლის შესვენებიდან“ პირველი ტაიმის ბოლომდე გუნდმა კარში რვაჯერ დაარტყა და საჯარიმოში ბურთს ოცჯერ შეეხო.

იგივე სურათი იყო მეორე ტაიმშიც, როდესაც „წყლის შესვენების“ შემდეგ ტუხელის გუნდის სტატისტიკა გამოკეთდა: კარში დარტყმები იყო 2, გახდა 6 და საჯარიმოში შეხებათა რაოდენობა იყო 7, გახდა 13.

ორივე „წყლის შესვენების“ დროს იყო ერთი და იგივე სურათი: ტუხელმა თავისი ფეხბურთელები შემოიკრიბა და ელაპარაკა, ისინი კი თავს უქნევდნენ.

„შევეცადე ამ შესვენებებისგან მაქსიმალური სარგებელი მენახა, – თქვა მოგვიანებით ტუხელმა, – ყველამ იცის, რომ მე ისინი არ მიყვარს. ფეხბურთი სიამოვნებას მაშინ მანიჭებს, როდესაც გუნდი მომენტით სარგებლობს, ინიციატივას ფლობს და ამ ინიციატივას ხელოვნურად არ ართმევენ. კონგოსთან შეხვედრა იმაზე დრამატული გამოვიდა ვიდრე ველოდი. „წყლის შესვენებების“ დროს ვიფიქრე, ბარემ არის ეს შესვენებები და ვისარგებლებ-მეთქი. დღეს ფეხბურთელებთან უფრო იოლად ვურთიერთობდი. ისინი წინა შეხვედრებთან შედარებით მშვიდად იყვნენ და ისმენდნენ რასაც ვეუბნებოდი. ზოგჯერ „წყლის შესვენება“ ქაოსურია, რადგან ყველა ცდილობს თანაგუნდელები გაამხნევოს და ყაყანია, ამჯერად კი ვიგრძენი, რომ ბიჭები მშვიდად იყვნენ და ყურადღება ჰქონდათ მოკრებილი“.

ინგლისის ნაკრების მაგალითით მოხერხებულად ისარგებლა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ, რომელმაც ტუხელის მაგალითი „წყლის შესვენებების“ რეკლამირებისთვის გამოიყენა.

„ინგლისმა ორივე „წყლის შესვენება“ ჩინებულად გამოიყენა. გუნდი გადააჯგუფა, მოახდინა რეორგანიზაცია და ბოლო 15 წუთში ორი გოლის გატანაც კი მოახერხა. ეს შესვენებები მნიშვნელოვანია როგორც ფეხბურთელების დასასვენებლად, ასევე მწვრთნელებისთვის, რომლებიც მოთამაშეებს ახალ ინსტრუქციებს აძლევენ“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.