ალანია – ჩემპიონი

ალანია – ჩემპიონი

მართალია, მიშიკო ალანიას პრო დ2-ის ნახევარფინალსა და ფინალში არ უთამაშია, მაგრამ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რეგულარული სეზონის 30 მატჩიდან ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა 25-ში მიიღო მონაწილეობა და პლუს ამას, თავი 3 ლელოს გატანით გამოიჩინა, ამდენად, მისი „ვანის“ ჩემპიონობა და ტოპ 14-ის საგზურის მოპოვება მისი დამსახურებაცაა.

ფინალში, რომელიც ტულუზაში გაიმართა, „ვანმა“ თორნიკე ჯალაღონიას „პროვანსს“ უდაძაბულეს ბრძოლაში 18:14 სძლია და ისტორიაში მეორედ, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტოპ 14-ში ადგილი მოიპოვა.

იმასაც გეტყვით, რომ მომავალ სეზონში მიხეილ ალანია „ვანის“ ერთადერთი ქართველი ლეგიონერი აღარ იქნება. მასთან ერთად ამ გუნდის ღირსებას ბორჯღალოსანი მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი და საქართველოს U20-ის ფულბექი დავით არობელიძე დაიცავენ.

რაც შეეხება „პროვანსს“, ამ გუნდს ტოპ 14-ში არასდროს უთამაშია და კვირას, 14 ივნისს, ტოპ 14-ის ბოლოსწინაადგილოსან „პერპინიანს“ ევროპის უძლიერესი შიდა ჩემპიონატის საგზურს საკუთარ „სტად მორის დავიდზე“ შეეცილება. შეხსენებისთვის, „პერპინიანში“ სამი ბორჯღალოსანი თამაშობს: ბურჯი გიორგი თეთრაშვილი, 9 ნომერი გელა აფრასიძე და მესამეხაზელი ანდრო დვალი.

თორნიკე ჯალაღონია კი „პროვანსის“ ერთადერთი ქართველია და „ვანთან“ ფინალში სასტარტო შემადგენლობაშიც იყო – 66-ე წუთამდე.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.