ფლორენტინო: თუ ამირჩევთ მოურინიუს მოვიყვან!

ფლორენტინო: თუ ამირჩევთ მოურინიუს მოვიყვან!

კვირას „რეალის“ პრეზიდენტის არჩევნებია. ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მწვრთნელად ჟოზე მოურინიუს მიიყვანს. მედია მიიჩნევს, რომ ფავორიტობის მიუხედავად არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამის თქმა მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან ჩინებული წინასაარჩევნო სვლა იყო. ფლორენტინოს კონკურენტი გახლავთ ენრიკე რიკელმე, რომელმაც შეიძლება ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ ფორმალური კანდიდატი ნამდვილად არ არის. ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა „რეალის“ ცუდი შედეგებია.

„მოურინიუ, ისტორია ჯერ არ დაწერილა“, – გამოაცხადა პერესმა X პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელსაც მიწერილი აქვს ასეთი სიტყვები: „ტელევიზორში კი სულ ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ და კიდევ ერთხელ ლაპარაკობენ“. შემდეგ გამოდის „განსაკუთრებული“ და ამბობს: დიახ!

იტალიელი მხატვრის სალვატორე ბენინტენდეს შექმნილი მურალი „სანტიაგო ბერნაბეუს” წინ

მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ მოურინიუს სავარაუდო დაბრუნება ამომრჩეველთათვის სერიოზული არგუმენტი იქნება. ის „რეალს“ 2010-2013 წლებში ედგა სათავეში. პორტუგალიელის დაბრუნებას გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. მისგან, როგორც ძლიერი პიროვნებისგან, უპირველეს ყოვლისა გასახდელში წესრიგის აღდგენას მოითხოვენ. ცნობილია, რომ ბოლოხანს „რეალში“ რამდენიმე კონფლიქტი მოხდა, რომელთაგან ყველაზე მეტად აურელიენ ჩუამენისა და ფედერიკო ვალვერდეს ხელჩართული ჩხუბი გახმაურდა.

ამბობენ, რომ პერესს უკვე გამზადებული აქვს კონტრაქტი, რომელსაც პორტუგალიელი მწვრთნელი ხელს მოაწერს. მისი მოქმედების ვადა 2029 წლამდე იქნება, თუმცა მოურინიუს აგენტი ჟორჟე მენდეში ჯერ კიდევ აზუსტებს გარკვეულ დეტალებს.

„რეალს“ მოურინიუს გამოსასყიდად „ბენფიკასთვის“ 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.