„პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპუშმა განაცხადა, რომ ზეიმის შემდეგ მუშაობის დრო დადგა. პორტუგალიელმა იცის, რომ სცენაზე ახლა მისი გამოსვლაა – იწყება ტრანსფერების სეზონი და საფრანგეთის თასის გარდა ყველაფრის მომგები გუნდი სწორედ მან უნდა გააძლიეროს. გასულ სეზონში ლუის ენრიკემ შეძლო ფეხბურთელებისთვის სათამაშო დრო ისე გაენაწილებინა, რომ უზარმაზარი დატვირთვების მიუხედავად მათ სეზონი ჯანმრთელად, კარგ ფორმაში ჩაამთავრეს. ასეთი რამის გამეორება კი შეიძლება ვეღარ მოხერხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს ახალი მოთამაშეები სჭირდება.

პსჟ-ში რამდენიმე პოზიციაა გასაძლიერებელი, მათ შორის მარჯვენა გარემარბის. ხვიჩა კვარაცხელიას და ბრედლი ბარკოლას მარცხნიდან ურჩევნიათ თამაში, ოსმან დემბელე ცენტრალურ თავდამსხმელად ჩამოყალიბდა, ასე რომ რჩება ორი ფეხბურთელი – დეზირე დუე და კანგ-ინ ლი. პარიზელები ენერგიით აღსავსე, ვერცხლისწყალივით მოუსვენარ ფეხბურთელს ეძებენ და ამ ძებნაში, როგორც ამბობენ, 19 წლის კოტ დ’ივუარელ იან დიომანდეს დაადგეს თვალი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიომანდე „ლივერპულსაც“ უნდა მოჰამედ სალაჰის შემცვლელად. ცხადია ინტერესს იჩენს „ბაიერნიც“.
Footmercato-ს ინფორმაციით ბუნდესლიგის მესამეადგილოსან „ლაიფციგსა“ და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები კარგად მიდის. მხარეები რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. კონტრაქტის თანახმად კოტ დ’ივუარელი გერმანულ კლუბში 2030 წლამდე უნდა დარჩეს – ის იქ გასულ ზაფხულს ესპანური „ლეგანესიდან“ გადავიდა. მას მერე, რაც „ლეგანესი“ ლა ლიგიდან გავარდა.
„ლაიფციგში“ დიომანდემ ისე გამოიჩინა თავი, რომ ბუნდესლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს. მან 36 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა.
ფრანგული პორტალის ინფორმაციით თავად დიომანდეს „პარკ დე პრენსზე“ უნდა გადასვლა. ახლა მთავარი ფასზე შეთანხმებაა. არ არის გამორიცხული, რომ „ლაიფციგმა“ ხელის მოთბობა გადაწყვიტოს, პსჟ კი ფულის უყაირათოდ ფლანგვას არ აპირებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები02/06/2026 | 08:26ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის
აქეთურ-იქითური02/06/2026 | 07:08პარიზელები მარჯვენა გარემარბს მიადგნენ
აქეთურ-იქითური01/06/2026 | 08:41Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
მთავარი ამბავი01/06/2026 | 07:20კვარა და ხუთი პარიზელი
