დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს

დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს

ფინალს მოგება უნდა. ეს ლუის ენრიკემ ძალიან კარგად იცის. მან 18 ფინალში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 16 მოიგო.

ბუდაპეშტში  „პარი სენ ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე ფინალის მოგებამ ესპანელი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მწვრთნელად აქცია. ცალკეა სალაპარაკოა, თუ როგორ მოაგებინა მან პარიზელებს ეს ტიტული, რამდენი სირთულე გადალახა დიდი მიზნის მისაღწევად.

წინა სეზონი „პარი სენ ჟერმენმა“ 2024 წლის 16 აგვისტოს დაიწყო და კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამო გვიან, 2025 წლის 13 ივლისს დაასრულა – სულ 65 მატჩი. ერთ თვეში კი, კერძოდ 13 აგვისტოს, გუნდი უკვე ფორმაში უნდა ყოფილიყო, რადგან ევროპის სუპერთასის შეხვედრა ელოდა „ტოტეტნჰემ ჰოთსფურთან“. ამას ახალი სეზონის 56 თამაში უნდა მოჰყოლოდა. ცხადია ასეთ პირობებში ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც პარიზელები ინატრებდნენ. ლოგიკურად დაიწყო ტრავმების პერიოდი: დაშავდნენ ოსმან დემბელე, ჟოაო ნევეში, აშრაფ ჰაკიმი, ფაბიან რუისი… მაგრამ, ლუჩოს გუნდი ვერაფერმა შეარყია.

ჩემპიონთა ლიგის ნოკაუტის ეტაპზე პსჟ-ს საპასუხო შეხვედრების ჩატარება ისეთ სტადიონებზე მოუხდა როგორებიცაა „სტემფორდ ბრიჯი“, „ენფილდ როუდი“, „ალიანც არენა“… ზოგი ფეხბურთელი ფეხნატკენი თამაშობდა. კარს ჯიჯო დონარუმა აღარ იცავდა.

დონარუმას წასვლა რასაკვირველია დიდი დანაკარგი იყო, მაგრამ ესპანელმა მწვრთნელმა გამოსავალი მოძებნა. მატვეი საფონოვმა მისი ნდობა გაამართლა. გაამართლა უორენ ზაირ-ემერის განაპირა მცველის პოზიციაზე გადაყვანამაც.

„გრძელი, რთული სეზონი იყო. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ. სეზონის დასაწყისში პრობლემები გვქონდა, მაგრამ საბედნიეროდ გუნდი დროულად ჩადგა კალაპოტში. მწვრთნელმა ფეხბურთელებს სათამაშო დრო ისე სწორად გაუნაწილა, რომ დღეს, ფინალში ყველა მწყობრში ვართ,“ – ამბობდა კაპიტანი მარკინიოსი „არსენალთან“ შეხვედრის წინ. შეხვედრის შემდეგ კი ბრაზილიელმა ლუის ენრიკეს ახალი საქებარი სიტყვები მიუძღვნა:

„იგი იმ მწვრთნელების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც მენტალურ ასპექტს დიდ ყურადღებას აქცევენ. მან გვითხრა: არ შეწყვიტოთ, არ გაჩერდეთ, მიაწექით, განაგრძეთ სივრცეების ძებნა. ჩვენ აგრესიულები უნდა ვიყოთ. თუ მოვეშვებით ვერ გავიმარჯვებთ. არაფერი გამოგვივა. მან მოგვცა სასარგებლო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ავითვისოთ თავისუფალი ზონები და შევასრულოთ გარღვევები. ამან მეორე ტაიმში შედეგი მოიტანა. ასე მოვიპოვეთ პენალტი“.

ამბობენ, რომ ესპანელი მწვრთნელის საუკეთესო თვისება ფეხბურთელების მოტივაციაა.  როდესაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებაზე ჰკითხეს, მარკინიოსმა უპასუხა: „ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელიც ამისკენ აუცილებლად გვიბიძგებს. მართალია ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი გვაქვს, მაგრამ როდესაც დავბრუნდებით მწვრთნელს ეცოდინება, როგორ უნდა მართოს სიტუაცია. ისევე, როგორც გასულ სეზონში გააკეთა“.

„პარი სენ ჟერმენსა“ და „ბარსელონასთან“ ერთად ლუის ენრიკეს სამჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული. „დიდყურა თასი“ სამჯერ აღუმართავთ დიადებს: ბობ პეისლის (1977, 1978, 1981), ზინედინ ზიდანს (2016, 2017, 2018), და პეპ გვარდიოლას (2009, 2011, 2023). ერთადერთი, ვინც მათ უსწრებს არის კარლო ანჩელოტი, რომელმაც ლიგა ხუთჯერ მოიგო.

მაგრამ, როდესაც ლუჩოს ლეგენდარული მწვრთნელის სტატუსზე ჰკითხეს, მან უპასუხა: „ეს მე არ მაინტერესებს“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.