წიტაიშვილს რიგი დაუდგა

Home კატეგორიის გარეშე წიტაიშვილს რიგი დაუდგა
წიტაიშვილს რიგი დაუდგა

საიტი Foot Mercato შეგვახსენებს, რომ საქართველოს ნაკრებისა და „მეცის’’ 25 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც კიევის „დინამოს’’ საკუთრებაა,  სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე მისი შეძენის მსურველი კლუბების „ლიონისა’’ და „ლილის’’ გააქტიურებას უნდა ველოდოთ, თუმცა გამოცემა იმასაც დასძენს, რომ წიტას დამატებით მარტო საფრანგეთში არ არიან დაინტერესებულები.

როგორც ირკვევა, ქართველის გადაბირება რომის „ლაციოსაც’’ სურს და არც ესპანური „ვილიარეალი’’ იქნება მისი აყვანის წინააღმდეგი. „ვილიარეალს’’ ერთი უპირატესობაც აქვს. მის რიგებში თამაშობს ჟორჟ მიქაუტაძე, რომლის მხარდამხარ ყოფნა წიტაიშვილისთვის შეიძლება დამატებითი ფაქტორი გამოდგეს. მიქაუტაძე „ვილარეალმა’’ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე „ლიონისგან’’ იყიდა.

ფრანგული საიტი წერს, რომ წიტაიშვილმა სეზონი მაინცდამაინც ეფექტურად ვერ დაიწყო, მაგრამ წლის ბოლოს ჩინებულად ათამაშდა და დიდი შანსია მისი ყიდვის მსურველები საახალწლო ბაზარზევე გამოჩნდნენ. ქართველმა ჩინებულად ითამაშა „პარი სენ ჟერმენთან’’, რომელსაც საუცხოო გოლიც გაუტანა. კიდევ ერთი გოლი მან „ბრესტის’’ კარში შეაგდო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.