რეგრაგი: ჰაკიმი 20 წუთით ხომ არ გვინდა

Home აქეთურ-იქითური რეგრაგი: ჰაკიმი 20 წუთით ხომ არ გვინდა
რეგრაგი: ჰაკიმი 20 წუთით ხომ არ გვინდა

მაროკოს ნაკრებმა აფრიკის თასის პირველ შეხვედრაში კომოროს ეროვნულ გუნდთან 2:0 გაიმარჯვა. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე გამარჯვებულთა მწვრთნელს ვალიდ რეგრაგის დაუსვეს გუნდის კაპიტნისა და მთავარი ვარსკვლავის აშრაფ ჰაკიმის ჯანმრთელობას ეხებოდა. ინტერესის ასეთი გაღვივება გარკვეულწილად თავად რეგრაგის ბრალი იყო, რომელმაც შეხვედრის წინა დღეს თქვა: „მან ხვალ შეიძლება ითამაშოს… ან შეიძლება ვერც ითამაშოს’’.

რა მოხდა რეალურად? „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავი თამაშის წინ მოთელვაზე გავიდა, გახურდა, მაგრამ კომოროს დამარცხებაში მონაწილეობა არ მიუღია. შეგახსენებთ, რომ მაროკოელ მცველს 4 ნოემბერს „ბაიერნთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ფეხი ეტკინა და მას მერე არ უთამაშია.

აშრაფ ჰაკიმის გამოჯანმრთელების პერიოდი დასასრულს უახლოვდება. რეგრაგი: „ჩვენ გარისკვა არ გვინდა. ის მოედანზე დაბრუნდება. მისი რეაბილიტაციის პროცესი გაცილებით ჩქარა მიდის ვიდრე ველოდით, მაგრამ გვსურს, რომ აფრიკის თასზე სრულყოფილი მონაწილეობა მიიღოს და ამიტომ ვცდილობთ ნაჩქარევი ნაბიჯი არ გადავდგათ. ჩვენი მიზანი ხომ აშრაფის ერთ შეხვედრაში 20 წუთით გამოყენება არ არის. ახლა შევხედავთ, როგორ იგრძნობს თავს შემდეგი 48 საათის განმავლობაში და 26 დეკემბერს მალისთან იმის მიხედვით ვათამაშებთ ან არ ვათამაშებთ. თუმცა, იმაში, რომ ჰაკიმი აფრიკის თასზე მონაწილეობას მიიღებს, ეჭვი არ გვეპარება’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.