მბაპე მოლბა

Home აქეთურ-იქითური მბაპე მოლბა
მბაპე მოლბა

Kylian Mbappé of France dribbles against Elvin Badalov and Gismat Aliyev of Azerbaijan during the FIFA World Cup 2026 qualifier match between France...რაც ახალი სეზონი დაიწყო კილიან მბაპე ჩინებულად თამაშობს. მისით ყველა კმაყოფილია როგორც „რეალში’’ ასევე საფრანგეთის ნაკრებში, მაგრამ აზერბაიჯანთან კოჭი იტკინა და ისლანდიაში აღარ გაემგზავრა. სამაგიეროდ მადრიდელთა ათმა ნომერმა Movistar-ს ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუ მისცა. 26 წლის ფრანგმა ილაპარაკა როგორც ლამინ იამალზე ასევე კრიშტიანუ რონალდუსა და მადრიდში ინტეგრაციაზე. საუბარი რასაკვირველია „პარი სენ ჟერმენსაც’’ შეეხო. ფორვარდს კლუბთან სასამართლო დავა არ დაუმთავრებია, მაგრამ მაყურებელს არ დარჩა შეგრძნება, რომ ის გაბრაზებულია.

„ჩემს მშობლიურ ქალაქში უმაღლესი დონის ფეხბურთელებთან ერთად თამაში დიდი სიამოვნება იყო, ― თქვა მბაპემ, ― მე კლუბს „ბარსელონასთან’’ ისტორიული მარცხის შემდეგ, ახალი პროექტის დასაწყისში შევუერთდი. იქ იყვნენ ნეიმარი, დანი ალვეში… უმაღლესი დონის ფეხბურთელები. პარიზში ახალი ერა იწყებოდა. და მე იქ შვიდი საუცხოო წელი გავატარე’’.

როდესაც საფრანგეთის ნაკრების ლიდერს (93 შეხვედრა, 53 გოლი) და პსჟ-ს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს კლუბის წარმატებებში შეტანილ წვლილზე ჰკითხეს, მან ტრაბახი არ დაიწყო: „ეს ყველაფერი დეტალებია. პირადი წარმატება… ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი… მე უფრო იმ ემოციებზე ვფიქრობ რომელთაც თავადაც განვიცდიდი და ხალხსაც ვჩუქნიდი. აი, რა არის სინამდვილეში მნიშვნელოვანი. შენ როგორც ბომბარდირს სწორედ ამ ემოციების გამო გიმახსოვრებენ. მთავარია ემოციები, მოგებული ტიტულები, ისტორიული მომენტები, მაგალითად ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობა, შანსი ითამაშო ისტორიის შემქმნელი ვარსკვლავების მხარდამხარ. იმ ვარსკვლავების მხარდამხარ, რომელთაგან ბევრს სწავლობდი’’.

და ბოლოს საუბარი პარიზელთა მწვრთნელზე ლუის ენრიკეზეც ჩამოვარდა.

„მე მას რამდენიმე დღის წინ შევხვდი. ის „ლილისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ თამაშზე იყო. ჩვენ პარკინგზე გადავეყარეთ ერთმანეთს. ლუის ენრიკე ძალიან კარგი ადამიანი და ბრწყინვალე მწვრთნელია. მე მასთან ჩინებული ურთიერთობა მაკავშირებს და ცხოვრებაში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. მისი ხელმძღვანელობით პარიზში საუცხოო დროება გავატარე’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.