მიქაუტაძემ სათვალე თამაშის დროსაც გაიკეთოსო

Home აქეთურ-იქითური მიქაუტაძემ სათვალე თამაშის დროსაც გაიკეთოსო
მიქაუტაძემ სათვალე თამაშის დროსაც გაიკეთოსო

ლანსში გამარჯვების შემდეგ „ლიონმა’’ „მეცს’’ იოლად მოუგო 3:0 და ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიგა 1-ის ცხრილს სათავეში მოექცა. „გონებს’’ გოლი არ გაუშვიათ. ერთი შეხედვით პრესა და გულშემატკივარი კმაყოფილი უნდა იყოს, მაგრამ ფრანგულ მედიაში დაიწერა, რომ არის ერთი საკითხი, რომელიც ყურადღებას იპყრობს: ჟორჟ მიქაუტაძემ „მეცს’’ გოლი ვერ გაუტანა. პირველი შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორისგან ელოდნენ, რომ მეორეში, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგაც აუცილებლად შეაგდებდა, მაგრამ ასე არ მოხდა და თქვეს, რომ მან ცუდად ითამაშა.

„ეკიპმა’’ მიქაუტაძეს 10-დან 4 ქულა დაუწერა. ეს იყო ლიონელთა შორის ყველაზე დაბალი შეფასება. ცნობილმა გაზეთმა დაწერა: „ის თამაშის დროს არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა’’.  როგორც ჩანს, უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მას „მეცის’’ მეკარემ რამდენიმე გოლი არ გაატანინა.

foot01-ზე ეს არ იკმარეს და მთელი მომავალი სეზონი დააყენეს ეჭვქვეშ. „ლიონმა’’ მეორე თავდამსხმელიც უნდა იყიდოს, რომ ქართველს კონკურენცია მოუწყოს და დასვენების საშუალება მისცესო.

მიქაუტაძის მოწინააღმდეგეებმა სოციალურ ქსელებშიც წამოყვეს თავი: „მიქაუტაძე სათვალით დადის… იქნებ თამაშის დროსაც გაიკეთოს’’; „დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მიქაუტაძეს გოლის გატანა არ უნდოდა’’; „მიქაუტაძე მოუქნელია. ამ შეხვედრაში ლაკაზეტი ორ გოლს გაიტანდა’’…

foot01 წერს, რომ „მარსელთან’’ შეხვედრის წინ ასეთმა ზეწოლამ მიქაუტაძეზე შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს, არადა ეს მატჩი „ლიონისთვის’’ ძალიან მნიშვნელოვანია.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.