ზურიკოსგან განსხვავებით სტასენი ჯერჯერობით ვერ თამაშობს

Home კატეგორიის გარეშე ზურიკოსგან განსხვავებით სტასენი ჯერჯერობით ვერ თამაშობს
ზურიკოსგან განსხვავებით სტასენი ჯერჯერობით ვერ თამაშობს

Lucas STASSIN - 22 Zuriko DAVITASHVILI during the Ligue 1 McDonald's match between Lille and Saint Etienne at Stade Pierre-Mauroy on February 1, 2025...„სენტ ეტიენის’’ ფეხბურთელებიდან პრობლემა ორს აქვს, ბელგიელ ლუკა სტასენსა და ქართველ ზურიკო დავითაშვილს. მათ ლიგა 2-ში თამაში არ სურთ, ახალ კლუბს ეძებენ. დავითაშვილმა ძებნის პარალელურად ახალ სეზონში გოლების გატანა დაიწყო, აი, სტასენი კი პრე-სეზონზე დაშავდა, „ლავალსა’’ და „როდეზთან’’ შეხვედრები გამოტოვა („როდეზთან’’ ბოლო 7 წუთით შევიდა დავითაშვილის ნაცვლად) და მოედანს მხოლოდ მესამე ტურში, „ბულონთან’’ დაუბრუნდა. სტასენის გამო მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანდმა წინა ტურში მშვენივრად მოთამაშე ჯოშუა დაფუსი სკამზე დასვა. „მწვანეთა’’ ნორვეგიელი თავკაცის ნაბიჯმა არ გაამართლა. როგორც რეგიონული გაზეთი Le Progrès წერს, ბელგიელმა უსახურად ითამაშა:

„მიმდინარე სეზონში მოედანზე პირველად გასული თავდამსხმელი თავისი სტანდარტებისგან შორს იყო. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ცდილობდა თანაგუნდელებისთვის შეტევის ვარიანტები შეეთავაზებინა, ბურთის მიღებისას ცდებოდა და სიმწვავე აკლდა. ეირიკ ჰორნელანდმა თქვა, რომ მისი ფეხები 90 წუთიანი სირბილისთვის მზად არ არიან, რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან სტასენმა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მხოლოდ ათი წუთი ითამაშა’’.

Le Progrès-მა დაწერა, რომ ბულონში „სენტ ეტიენის’’ ყველაზე დიდი იმედგაცრუება სწორედ ლუკა სტასენი იყო და კვლავ დაიწყეს ლაპარაკი ფორვარდის მომავალზე. ფორეზელთა ხელმძღვანელობა მას 20 მილიონ ევროდ აფასებს და აქამდე ცენტის დაკლებას არ აპირებდა.

ბევრს უჩნდება კითხვა: თუკი „სენტ ეტიენის’’ განკარგულებაში არიან კარდონა და დაფუსი, რატომღა უფრთხილდება ჰორნელანდი სტასენს? ვითომ მისი გაშვება მაინც გუნდის დასუსტებას ნიშნავს? თავად სტასენმა მომავლის შესახებ დასმულ კითხვაზე მკაფიო პასუხს თავი აარიდა. მან თქვა:

„ჯერჯერობით მე „სენტ ეტიენში’’ ვარ და ძალ-ღონეს არ ვიშურებ, ვცდილობ გუნდს დავეხმარო. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. თანაგუნდელები ჩემი წასვლა-დარჩენის შესახებ იშვიათად მელაპარაკებიან. ისინი ერთ რამეში არიან დარწმუნებულები: მე მთელი გულით მათ გვერდში ვიდგები. თუ შეატყობენ, რომ ფიქრი სხვაგან გამექცა, ამის შესახებ პირდაპირ მეტყვიან. ვცდილობ ფეხებით მიწაზე ვიდგე’’.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ექვსი დღეა დარჩენილი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.