სერხიო აგუეროს ხელითაც შეეხნენ და მიაფურთხეს კიდეც —  ორშაბათს, ფეხბურთის ასოციაციის თასის მერვედფინალში „უიგანმა” „მანჩესტერ სიტის” 1:0 მოუგო, საფინალო სასტვენის შემდეგ კი მოედანზე მაყურებლებიც გადახტნენ. სანამ „უიგანის” მცველი ჩეინი დანკლი, „სიტის” ერთ-ერთი მწვრთნელი მიკელ არტეტა და ფიზიოთერაპევტი სტივენ ლილი არგენტინელის დასახმარებლად მივარდებოდნენ, მან თავდამსხმელისთვის ხელის კვრა და მისი თავიდან მოშორება მოახერხა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია მომხდარს გამოიძიებს, მთავარი კითხვა კი ასეთია: როგორ მოახერხეს DW სთედიუმზე გულშემატკივრებმა ტრიბუნებიდან მოედანზე ჩახტომა? აშკარაა, რომ უიგანში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. შესაბამისად, თუ ვინმეს მეორე მხარესთან შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს, ეს „მანჩესტერ სიტია”.

„უიგანის” თავმჯდომარემ დევიდ შერპიმ ფანების საქციელი დაგმო. მან თქვა: „ფეხბურთი ემოციებს იწვევს, მაგრამ მე არ მიყვარს ვნებათაღელვა მატჩის შემდეგ. ჩვენ მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ, მაგრამ ფეხბურთში კლასი და ღირსება უნდა შეინარჩუნო”.

„უიგანის მწვრთენლი პოლ კუკი, რომელსაც „სიტის” თავკაცთან, პეპ გვარდიოლას მოუვიდა კონფლიქტი: „რაც მოხდა არ არის სწორი. ფეხბურთელების უსაფრთხოება ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს”.

მოგვიანებით აყალმაყალში „სიტის” ფანებიც ჩაერთნენ, რომელთაც მოედანზე სარეკლამო დაფების და სხვა ნივთების სროლა დაიწყეს. მათ შეხლა-შემოხლა მოუვიდათ სკაუტებთან და პოლიციელებთან.

ვნებათაღელვა პირველი ტაიმის მიწურულს მანჩესტერელი ფაბიან დელფის გაძევებამ გამოიწვია, თუმცა მატჩის შემდეგ გვარდიოლას მსაჯი არ გაუმტყუნებია. დელფმა მაქს პაუერის წინააღმდეგ იუხეშა.

„თუ ფეხბურთზე გინდათ რამე მკითხოთ, მკითხეთ, გასახდელის გვირაბში კი არაფერი მომხდარა. კუკი უნდა დაწყნარდეს. უიგანელები მართლაც აგრესიული მეტოქეები ყოფილან” — თქვა „სიტის” თავკაცმა პრეს-კონფერენციაზე.

„თამაშზე ვილაპარაკეთ. ჩვენ პირდაპირი წითელი ბარათი სამართლიანად მიგვაჩნდა, პეპს კი არა”, — ­ თავისებურად მოყვა ინციდენტი კუკმა.

არადა, ერთ ეპიზოდში მწვრთნელები ლამის გასაშველებლებიც კი გახდნენ.