ნაპოლის მოუგეს და მერე დე ბრუინს მიცვივიდნენ

Home კატეგორიის გარეშე ნაპოლის მოუგეს და მერე დე ბრუინს მიცვივიდნენ
ნაპოლის მოუგეს და მერე დე ბრუინს მიცვივიდნენ

Arezzo players take a photo with Napoli's Kevin De Burney at the end of a friendly soccer match between Napoli and Arezzo on Day 6 of the preseason...ინგლისური პრესა წერს, რომ კევინ დე ბრუინის „ნაპოლიში’’ გადასვლა ისედაც გასაკვირი ამბავი იყო და ამას პირველ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში ნეაპოლელთა 0:2 წაგება დაემატა. იტალიის ჩემპიონი სერია C-ს B ჯგუფის „არეცოსთან’’ დამარცხდა. და კიდევ ერთი უცნაურობა:  მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები პრემიერლიგის ყოფილ ვარსკვლავს ჩასაფრებული თინეიჯერებივით მიცვივიდნენ და ფოტოების გადაღება სთხოვეს.

ასეთი გამოდგა ბელგიელის პირველი შეხვედრა ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით. შეხვედრის დამთავრების შემდეგ 34 წლის ნახევარმცველი, რომელმაც ბოლო წლებში სახელი „მანჩესტერ სიტიში’’ თამაშით გაითქვა, გასახდელში შესვლის ნაცვლად მოედნის ცენტრში იდგა და მისი სიახლოვით აღტაცებულ არეცოელებთან ფოტოებს იღებდა.

კონტემ დე ბრუინი მეორე ტაიმში სტანისლავ ლობოტკათი შეცვალა.

ბელგიელი „ნაპოლიში’’ 11 ნომრით ითამაშებს, მაგრამ კლუბმა პატივისცემის ნიშნად მას დიეგო მარადონას ნომრით, ათიანით ვარჯიშის ნება დართო.

„არეცოსთან’’ შეხვედრაში „ნაპოლის’’ აკლდნენ სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სკოტ მაკტომინეი და მატეო პოლიტანო. ორივეს კუნთის პრობლემა ჰქონდა, რაც „ნაპოლიში’’ თავის დროზე ხვიჩა კვარაცხელიასაც აწუხებდა. ინგლისელი ჟურნალისტები წერენ, რომ ეს სავარაუდოდ კონტეს მეტისმეტად დიდი ფიზიკური დატვირთვების ბრალია.

„ნაპოლი’’ შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას სერია B-ს „კატანძაროსთან’’ 26 ივლისს ჩაატარებს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.